ახალქალაქის სოფლებისკენ მიმავალი ყველა შიდა გზა ან დაკეტილია ან რთულად გასავლელი. როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, გზების გაუვალი მდგომარეობის შესახებ მათ მუდმივად აცნობებენ.
დაკეტილია აზავრეთის, ჩუნჩხას, კარწახის, აბულის და მრავალი სხვა მიმართულება. მერიის კონტროლის სამმართველოს უფროსის არმენ მღდესიანის თქმით, არის გზები, სადაც გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი სატრანსპორტო საშუალებებით (ჯიპებით), არის გზები, სადაც გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია ან ძალიან რთულია. მერია გვირჩევს სახლიდან მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მანქანით გავიდეთ.
ამჟამად გზების თოვლისგან გაწმენდისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს 3 გრადერი, 2 K700 და ერთი დიდი თოვლის საწმენდი ტექნიკა.
„მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ვასუფთავებთ, აზრი არ აქვს, დღეს ქალაქში გზები გაიწმინდა, მაგრამ ისევ თოვს. სანამ ამინდი არ დაწყნარდება, ეს პრობლემა მუდმივად იქნება“, – ამბობს არმენ მღდესიანი.