ნოემბრის ბოლოს Energo Pro Georgia ენერგოგამანაწილებელმა კომპანიამ ახალქალაქში, ნალბანდიანის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში მომხმარებლების ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო. Energo Pro Georgia აგრძელებს მუშაობას, თუმცა გზა დანგრეული და გაუვალ მდგომარეობაშია. ტროტუარები ასევე რთულად გასავლელია, რადგან გათხრილი მიწა და დიდი ქვები ტროტუარებზეა დაყრილი. Energo Pro Georgia კომპანიისგან იმედს გამოთქვამენ, რომ სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება და გზის ეს მონაკვეთი მოასფალტდება.
გზის ეს მონაკვეთი როგორც მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის ძალიან რთულად გასავლელი გახდა. გათხრილია გზის ის მონაკვეთებიც, რომლითაც ხალხი ეზოებში შედის.
ვინაიდან ამ სამუშაოებს Energo Pro Georgia ახორციელებს, ჩვენ მათ დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, როდის მოასფალტდება გზა.
„ჩვენს კომპანიას სამუშაო ჯერ არ დაუსრულებია, როცა დავასრულებთ, მოვლენ და ასფალტს დააგებენ. დაახლოებით 5-6 დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, ასფალტის საფარი უნდა დავასრულოთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ არ მოთოვოს. თუ ამინდის პირობები საშუალებას მოგვცემს, სამუშაოების დასრულება გვინდა, ასე არ დავტოვებთ“, – აცხადებენ Energo Pro Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.
შეგახსენებთ, რომ ახალი მიწისქვეშა ელექტრომომარაგების ხაზი გაყვანილია 280 მეტრიან მონაკვეთზე, ერთი ტრანსფორმატორიდან მეორეზე, ტრანსფორმატორის დატვირთვის შემსუბუქების მიზნით.