დღეს, 7 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში მორიგი კორექტირება განიხილა. ახალქალაქის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის 100 000 ლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსება მოითხოვა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ფინანსური შემოსავლების მიხედვით, წლიური პროგნოზირებადი მაჩვენებლები 100 ათას ლარს გადააჭარბებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გაზრდილი შემოსავლების გათვალისწინებით და საახალწლო ღონისძიების განსახორციელებლად 100 000 ლარის გამოყოფა მიზანშეწონილად მიიჩნია. კორექტირება განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის სამსახურის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების დეპარტამენტმა განახორციელა. ეს კორექტირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2023 წლის 5 დეკემბრის №2168 დადგენილების „ახალი წელი საქართველოში“ შესაბამისად განხორციელდა.
ეს გადაწყვეტილება სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტს არ ეხება. 6 მუნიციპალიტეტიდან წელს ღონისძიებები მასშტაბურად ახალქალაქში, ასპინძასა და ბორჯომში გაიმართება. ღონისძიება კონკრეტულად როდის გაიმართება ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, მოსალოდნელია საკონცერტო პროგრამა, რომელზეც დედაქალაქიდან ჩამოსული არტისტები წარდგებიან. ასევე იქნება დამატებითი საახალწლო დეკორაციები და ფეიერვერკი. კონკრეტულად ვინ და კონკრეტულად რა მოხდება საახალწლო ღონისძიებაზე, ჯერჯერობით უცნობია.
გამოიყოფა თუ არა 100 000 ლარის ოდენობის თანხა, ხვალ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე განიხილება.