ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ალასტანისა და კოთელიას სკოლებში  სარემონტო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სიაშია ალასტანის, კოთელიას და, როგორც ადრე აღვნიშნეთ, სულდას სკოლები. ამ განცხადების თანახმად, საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აშენდება 80 ახალი სკოლა, მთლიანად გარემონტდება 220 და ნაწილობრივ გარემონტდება 500 სკოლა.

12

ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები 1 ოქტომბრიდან ვარევანის საჯარო სკოლაში მეორე სმენად დადიან, რადგან მათ სკოლაში რემონტი უკვე დაიწყო.

“ჩვენ მეცადინეობებს ვარევანის სკოლაში ვატარებთ, მეორე სმენაში დავდივართ. სკოლისგან მარტო კედლები და საფარი დარჩება, ის მთლიანად გარემონტდება, კაპიტალური რემონტი ჩატარდება, შეიცვლება კარები და ფანჯრები, ასევე საერთო გათბობის სისტემა იქნება გაყვანილი”,- თქვა კრტიან რუბენმა, სოფელ ალასტანის სკოლის დირექტორმა.

ალასტანის სკოლაში 100 მოსწავლე სწავლობს, 90 ალასტანიდან და 10 სოფელ კოკიოდან. სკოლაში 23 მასწავლებელი მუშაობს, მათგან 22 უფროსი მასწავლებელია.

ალასტანის სკოლაში კაპიტალური რემონტი არასდროს არ ჩატარებულა. შენობა 1883 წელს არის აშენებული, წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით სიტუაცია ცოტათი გააუმჯობესეს, მაგრამ, როგორც დირექტორი აღნიშნავს, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებდა.

პროექტის ფარგლებში სოფელ კოთელიას საჯარო სკოლაც გარემონტდება. მოსწავლეები ბარალეთის №2 სკოლაში დადიან, ისევ მეორე სმენად.

13

სოფელ კოთელიაშიც სარემონტო სამუშაოები 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო.

“შენობაში შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტარდება. სკოლა ნამდვილად სატირალ მდგომარეობაში იყო, სახურავიც უნდა გამოცვალონ, რადგან წვიმის დროს წყალი შიგნით შემოდიოდა, პორველ სართულამდეც კი აღწევდა”,- თქვა სოფლის უფლებამოსილმა პირმა მალხაზ აჩელაშვილმა.

სკოლის დირექტორმა ზალიკო მაისურაძემ გვაცნობა, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყო, მაგრამ როდის დასრულდება, ჯერჯერობით უცნობია. სკოლაში 55 მოსწავლე სწავლობს და 22 მასწავლებელი მუშაობს.

სარემონტო სამუშაოებს სკოლაში “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” ატარებს.

ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

დადეშის მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სულდას სკოლაში ივლიან