უახლოეს მომავალში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება, რის გამოც მოსწავლეები სოფელ სულდას სკოლაში ივლიან. სულდას სკოლა იმ საგანმანათლებლო ცენტრებს შორისაა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში გარემონტდება. ამ პროგრამის მიხედვით, საქართველოში სულ 800 სკოლა აშენდება და განახლდება. აშენდება 80 ახალი სკოლა, 220 მთლიანად გარემონტდება და 500 სკოლა კი ნაწილობრივ გარემონტდება.
დადეშის საჯარო სკოლის დირექტორის, სურენ ჰაკობიანის თქმით, სარემონტო სამუშაოები 1 ოქტომბერს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ისინი მეორე ცვლაში სულდას საჯარო სკოლაში ივლიან.
„ჩატარდება კაპიტალური რემონტი. მოსწავლეებს სულდას საჯარო სკოლაში 2 ოქტომბრიდან გადავიყვანთ. ვიმუშავებთ ორ ცვლაში. ამ ყველაფრისთვის ყველა საბუთი უკვე მზად არის, სამინისტრომ სულდას სკოლაში მეცადინეობების ჩატარების უფლება მოგვცა“, – ამბობს დადეშის სკოლის დირექტორი.
ჰაკობიანი ასევე აღნიშნავს, რომ ახალქალაქის მერიამ ბავშვების დადეშიდან სულდამდე ტრანსპორტირების თანხაც გამოყო.
„ზოგად პროექტს კარგად არ ვიცნობ, როგორც ვიცი, ძველი სკოლა დაინგრევა და მის ადგილას შეიძლება იყოს ბიბლიოთეკა ან ბუფეტი, ჩვენ ჯერ არ ვიცით, ასევე უნდა აშენდეს ბავშვებისთვის სპორტული დარბაზი “, – დაამატა დირექტორმა.
რემონტი ერთი წელი გაგრძელდება, კაპიტალური რემონტი განხორციელდება ევროპული სტანდარტების დაცვით. ჰაკობიანმა დაამატა, რომ სულდას სკოლასთან მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან სასწავლო წლის ბოლომდე – 15 ივნისამდე.
აღვნიშნოთ, რომ დადეშის სკოლას 106 მოსწავლე და 25 მასწავლებელი ჰყავს.
წელს დადეშის საჯარო სკოლაში 9 პირველკლასელი მივიდა და ამდენივე მოსწავლემ დაამთავრა მე-12 კლასი . კურსდამთავრებულებიდან შვიდი უკვე სტუდენტია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს სოფლების ალასტანისა და კოთელიას საჯარო სკოლებიც გარემონტდება.
ის, თუ რა თანხებით მოხდება ზემოაღნიშნული სკოლების გარემონტება წარმოგიდგენთ მომდევნო სტატიაში.