საშემოდგომო წვიმები დაიწყო, ხოლო წვიმასთან ერთად მრავალსართულიანი ბინების ბოლო სართულის მცხოვრებლების პრობლემები განახლდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი წელიწადში 1-2 კორპუსის სახურავს არემონტებს, დანარჩენები იძულებულნი არიან დაელოდონ. 2024 წელს ასევე გაგრძელდება მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, მაგრამ კონკრეტულად რომელი შენობა იქნება არჩეული, ჯერჯერობით უცნობია.
ახალქალქქში არც ისე ბევრია მრავალსართულიანი კორპუსები. ძირითადად აღმაშენებლის ქუჩაზე ძველი სამხედრო ქალაქშია განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსები, ხოლო ქალაქის დანარჩენ ნაწილებში დაახლოებით 10 კორპუსია. მრავალსართულიანი კორპუსების სახურავები, რომლებიც ბოლო წლებში რეაბილიტირებული არ იყო, ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. ზოგიერთი ბოლო სართულის მცხოვრები წვიმას ვედროებით ხვდება, ზოგიერთში პრობლემა არის სინესტე.
ახალქალაქის აღმაშენებლის პირველ შესახვევში №1 და №3 მრავალსართულიანი კორპუსებში მე-5 სართულის მოსახლეობა წვიმის დროს სახლში ქოლგებით დადის და ვედროებს ალაგებს. ამ კორპუსების სახურავები ავარიულ მდგომარეობაშია, თითქმის იგივე მდგომარეობაა ძველი №1 სამხედრო ქალაქის №488 კორპუსშიც.
ახალქალაქში აღმაშენებლის პირველი შესახვევის №1 და №3 მრავალსართულიანი კორპუსების სახურავის ავარიული მდგომარეობის შესახებ Jnews-მა მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაწერა.
ახალქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების სახურავები ავარიულ მდგომარეობაშია
აღმაშენებლის შესახვევის №1 კორპუსის №1 შესახვევის მცხოვრების თქმით, გარემონტების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ ყოველთვის უარყოფით პასუხს იღებენ. ბოლოჯერ მერიას განცხადებით მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიმართეს, მაგრამ ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ.
“ჩვენს განცხადებაზე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ გავიგეთ, რომ ბიუჯეტის პროექტში თუ შევა წელს გააკეთებენ, თუ არა- მომავალ წელს. ჩვენი ტანჯვა წვიმისა და სიცივის დადგომასთან ერთად იწყება, მთელი სახურავი ნახვრეტებშია, სახლებში ისევ სიცივე და სინესტეა”,- თქვა კორპუსის მცხოვრებმა.
ადგილობრივი ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებს არემონტებს. ბიუჯეტი წელიწადში ერთი-ორი სახურავის გარემონტების შესაძლებლობას იძლევა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითაფებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან პამბუხჩიანმა თქვა, რომ ისინი მომავალშიც გეგმავენ მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების სარემონტო სამუშაოებს.
“სამუშაოები ხანგრძლივი იქნება, მაგრამ მომავალ წელს კონკრეტულად რამდენი და რომელი კორპუსების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია იქნება ბიუჯეტში განსაზღვრული ჯერჯერობით არ ვიცით, ჯერ არ განგვიხილავს”,- თქვა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.