თურქეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში ძლიერ წვიმასა და წყალდიდობებს, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან დამსვენებლები, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში დაიღუპნენ.
სამშაბათის ღამით თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის ორ უბანში წყალდიდობამ ქუჩები და სახლები დატბორა. დაღუპულია, მინიმუმ, ორი ადამიანი. ზოგიერთი მეტროსადგური დაიხურა, ქალაქის გუბერნატორმა კი მოტოციკლების მძღოლებს მოუწოდა, სახლებში დარჩნენ.
თურქეთის ჩრდილ-დასავლეთში, ქირქლარელის პროვინციაში წყალდიდობას, ბოლო ინფორმაციით, სამი ადამიანი ემსხვერპლა. დატბორილია ტერიტორია, სადაც დასასვენებელი კოტეჯებია განლაგებული. 3 ადამიანს ჯერაც ეძებენ. სტიქიის დროს ადგილზე 12 დამსვენებელი იმყოფებოდა.
AP News-ის თანახმად, თურქეთის მეზობელ საბერძნეთში პოლიციამ სამანქანო მოძრაობა აკრძალა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ვოლოსში ისევე, როგორც მიმდებარე მთიან რეგიონში, პელიონში და კუნძულ სკიათოსზე. სამაშველო სამსახურის ცნობით, ქალაქ ვოლოსში კაცი კედლის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა. კიდევ ხუთი ადამიანი დაკარგულია.
პელიონის რეგიონში წყალმა მანქანები წაიღო, ქვათაცვენამ კი გზები ჩაკეტა. სტიქიის გამო მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. საბერძნეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ნალექის ინტენსივობა ოთხშაბათს, შუადღისას დაიკლებს. კლიმატის მინისტრმა სტიქიის არეალში მცხოვრებ მოქალაქეებს სახლებში დარჩენა ურჩია.
ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას მსხვერპლი ბულგარეთშიც მოჰყვა. ქვეყნის სამხრეთში, შავი ზღვის რეგიონში, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაკარგულად მიიჩნევა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა გზები და ხიდები დააზიანა, მოქალაქეთა ნაწილს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.