ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 27 ივლისს, პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 1 201 925 ლარის ოდენობით ცვლილებები დაამტკიცეს. გარდა ამისა, მათ შპს „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ ამბულატორიის გადაცემა და სოფლის ქუჩების ნუმერაცია მოიწონეს.
ცვლილებების პაკეტიდან 1 164 925 ლარი გამოიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, 15 000 ლარი დაემატა ტურისტულ მომსახურებას, კიდევ 15 000 ლარი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალის ექიმების მომსახურებაზე და 7 000 ლარი ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის .
1. გომან-ოლავერდის გზის რეაბილიტაციისთვის 957 932 ლარი
2. სოფელ კოთელიას სტადიონის რეაბილიტაციისთვის 70 000 ლარი
3. სოფელ კუმურდოს სკოლის კიბეზე გათვალისწინებული იყო 25 000 ლარი, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მის რეაბილიტაციას დასჭირდება 98 156 ლარი, დამატებითი თანხა 73 156 ლარი იყო.
4. სოფელ ტურცხში ახალგაზრდული სახლის შენობის რემონტისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 30 000 ლარი, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაო 50 024 ლარია, დამატებითი თანხა 20 024 ლარი.
5. 48 813 ლარი გამოიყო ახალქალაქის გარეუბანში, მე-5 საჯარო სკოლიდან (54-ე განყოფილება) ახლოს მდებარე ქუჩის რეაბილიტაციისთვის.