ახალქალაქის ქუჩებსა და სოფლებში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა იზრდება. ძაღლები ტენდერით ბოლოს 27 აპრილს დაიჭირეს. ხოლო თავშესაფარი, სადაც ძაღლები გადაჰყავთ, კარანტინშია.
ახალქალაქში დღეისათვის 61 სტერილიზებული ძაღლია: გასული წლის დეკემბერში თავშესაფარში 38 ძაღლი წაიყვანეს, მიმდინარე წლის აპრილში – 23. ტენდერის მიხედვით, სამუშაოს დასრულებამდე სტერილიზაცია კიდევ 79 ძაღლს უნდა გაუკეთონ, ჯამში – 140 ძაღლი.
„სულ 3-ჯერ ჩამოვედით – გასული წლის დეკემბერში 2-ჯერ და 27 აპრილს ერთხელ. თავშესაფარი ცოფის შემთხვევების გამო უკვე თვეზე მეტია კარანტინშია, ამიტომ იქ ძაღლების გადაყვანა აკრძალულია. კარანტინის დასრულებას ველოდებით“, – განმარტა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა თემურ ლაჭგებიანმა.
აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი პირველად 2022 წლის 18 ოქტომბერს 22 033 ლარის ოდენობით გამოცხადდა. მონაწილეთა არარსებობის გამო იგი არ შედგა და 2022 წლის 7 ნოემბერს კვლავ იმავე თანხით გამოცხადდა. ტენდერი მეორე ცდაზე შედგა და ის “ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრმა” მოიგო. თანხის ოდენობა კი არ შეცვლილა. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
ძაღლების დაჭერის პროცესი წელს ჯერ კიდევ არ განახლებულა
კიდევ ერთი 23 ძაღლი ახალქალაქიდან სტერილიზაციისთვის გადაიყვანეს