ახალქალაქში ძაღლების დაჭერისა და სტერილიზაციის საკითხი მწვავდება, რადგან გასული წლის დეკემბრიდან მოვალეობას არავინ ასრულებს. 2022 წლის დეკემბერს 38 ძაღლი დაიჭირეს და სტერილიზაცია გაუკეთეს, თუმცა 140 ძაღლის აღრიცხვა იგეგმება.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი მეორედ 2022 წლის დეკემბერში შედგა, ჯერჯერობით სამუშაოები მხოლოდ 2-ჯერ ჩაატარეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორის, თემურ ლაჩხებიანის თქმით, ახალქალაქს დეკემბერში ორჯერ ესტუმრნენ და უამინდობის გამო სამუშაოები ჯერ არ განახლებულა.
„დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება და ძაღლების სტერილიზებაც დავიწყეთ. რაოდენობა დაგეგმილზე ნაკლები იყო და ცუდი ამინდი მუშაობაში ხელს გვიშლიდა. ამიტომ ხელშეკრულება 2023 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. 40-მდე ძაღლი დაიჭირეს, რომელთაც ტრანსპორტირებაზე, სტერილიზაციაზე, მავნებლებისგან გაწმენდასა და სხვა საჭირო მომსახურებებზე ვიზრუნეთ, ძაღლები დანიშნეს და დააბრუნეს. 1 ვიზიტით დაახლოებით 15-20 ძაღლს ვიჭერთ, კონტრაქტში კონკრეტული ციფრი არ არის გათვალისწინებული, ამიტომ ზუსტად არ ვიცით კიდევ როდის ჩამოვალთ, ალბათ აპრილში“, – განმარტავს იგი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 2023 წლის 7 თებერვალს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, მომსახურების გაწევის ვადა 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა. ტენდერის პირობების მიხედვით, ძაღლებს სტერილიზაცია თვეში არანაკლებ სამჯერ (კონკრეტული თვეები მყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმებისას შეირჩევა) უნდა ჩაუტარდეთ.
როგორც Jnews-ს ახალქალაქის მერიის ეკოლოგიური სამსახურის გარემოსდაცვითი მომსახურების უფროსმა რამაზ ხუციშვილმა აცნობა, ჯამში 38 ძაღლია სტერილიზებული.
„გასული წლის ბოლომდე გრძელდებოდა კონტრაქტი, თუმცა გავახანგრძლივეთ. 2022 წელს 38 ძაღლი აღირიცხა, მაგრამ წელს სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ, რადგან ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან. ისინი პასუხისმგებელნი არიან სტერილიზაციაზე, კასტრაციაზე, ცოფიან და ავ ძაღლებს იტოვებენ, დანარჩენები კი უკან მოჰყავთ, ასეთია კანონი. ძაღლები თავიანთ არეალს უნდა დაუბრუნდნენ. დაახლოებით 140 ძაღლი უნდა აღირიცხოს“, – განაცხადა მან.
ამ დროისთვის მერიამ შემსრულებელ კომპანიას 5 980,38 ლარი გადაურიცხა, რაც ტენდერის მთლიანი თანხის 27%-ია.
სერვისებზე ტენდერი პირველად 22 033 ლარის ოდენობით 2022 წელს 18 ოქტომბერს გამოცხადდა. მონაწილეთა არარსებობის გამო იგი არ შედგა და 2022 წლის 7 ნოემბერს იმავე თანხით კვლავ გამოცხადდა. ტენდერი მეორე ჯერზე შედგა და იგი ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრმა მოიგო. მათი შეთავაზებული თანხა ტენდერის ფასს ემთხვეოდა.
ახალქალაქში ძაღლმა მოხუც ქალს თავზე უკბინა
დამნაშავეები დანაშაულის გარეშე – ახალქალაქის მაწანწალა ძაღლები