ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში დაჭრილი ძაღლი რამდენიმე დღე ვერ მოძრაობდა და შიმშილობდა. ზოგიერთ მცხოვრებს დაუცველი ძაღლის ეშინოდა და გამუდმებით წუწუნებდა, რომ არავის მიჰყავდა, ზოგი კი ცხოველს კვებავდა. ადგილობრივები სხვადასხვა ორგანოებს მიმართავდნენ, მაგრამ ძაღლი დახმარების აღმოჩენამდე მოკვდა. ახალქალაქში არ არსებობს მომსახურება, რომელიც ასეთ სიტუაციებში პასუხისმგებლობას აიღებს. ერთი მხრივ, ქალაქის მცხოვრებლებს მაწანწალა ძაღლების თავდასხმები აშინებთ, მეორე მხრივ კი ეს ძაღლების სიცოცხლეს შიმშილით, ყინვაში ან მანქანების ბორბლების ქვეშ ასრულებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრობლემა გადაჭრილია, საქართველოში კი უსახლკარო ცხოველების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.
ახალქალაქის ქუჩებს ყოველწლიურად ემატება მაწანწალა ძაღლები. მათთმა ხროვამ ქალაქი ნაწილებად დაყო და, ღმერთმა არ ქნას, მარტოხელა ძაღლი ხროვის ტერიტორიაზე მოხვდეს… საშიში და საცოდავი საყურებელია ეს ადამიანისთვის – დაჩაგრულს ვერ ეხმარები, რადგან თავადაც გეშინია, თუმცა ხვდები, რომ მის ადგილას შეიძლება თავად აღმოჩნდე. წლის დასაწყისიდან ახალქალაქში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ადამიანებზე ცხოველთა თავდასხმის 81 შემთხვევა დააფიქსირა – 77 ძაღლთა თავდასხმა. მსხვერპლთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი არ არის.
სასტიკი მოპყრობა და სროლა კანონით ისჯება. ერთადერთი, რისი გაკეთებაც საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ადამიანებს მაწანწალა ძაღლებისა და მათი კბილებისგან თავდასაცავად შეუძლიათ გააკეთონ მათი დაჭერა, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია და უკან დაბრუნებაა. ყოველწლიურად მუნიციპალური ხელისუფლება ამ სერვისებისთვის ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 25 000 ლარს გამოყოფს, თუმცა მდგომარეობა არ უმჯობესდება.
2017 წლამდე მაწანწალა ძაღლებს ულმობელად ესროდნენ – არ არის ძაღლი, არ არის პრობლემა. თუმცა, ამავე პერიოდიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ძაღლების დასაჭერად კონკრეტულ თანხებს გამოყოფს – 6 წლის განმავლობაში ამ სერვისებისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 132 456 ლარი დაიხარჯა.
ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, რადგან კასტრაცია მდგომარეობას არ ასწორებს. ცხოველები უკან ბრუნდებიან და რაოდენობაც არ მცირდება.
“ძაღლები, რომლებიც დანიშნულები არიან, მაინც მრავლდებიან და პრობლემა არ გვარდება, თუმცა თანხებს მაინც ვხარჯავთ. მოსახლეობა კი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ“, – აცხადებს იგი.
მელქონ მაკარიანის თქმით, საკითხის გადაწყვეტის კიდევ ერთი გზა თავშესაფრის მოწყობაა, მაგრამ ეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას სცილდება.
“თავშესაფრის გასახსნელად სპეციალისტები, ვეტერინარები, შესაბამისი ტერიტორია გვჭირდება. ამისთვის წელიწადში ერთხელ სპეციალურ თანხებს გამოვყოფთ, მაგრამ არავინ გვთანხმდება“, – განმარტავს ახალქალაქის მერი.
საქართველოს რეგიონებში მაწანწალა ძაღლების პრობლემა განსხვავებულად დგას, თუმცა ყველგან ერთი და იმავე მეთოდით უმკლავდებიან მას, რაც არაეფექტურია.
ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრი თანხმდება, რომ პრობლემას მხოლოდ ხაფანგებითა და სტერილიზაციით ვერ გადაჭრიან. ცენტრის დირექტორის თემურ ლაჩხებიანის თქმით, ყველა პროცედურას 3 დღე სჭირდება: კეთდება სტერილიზაციის ოპერაცია, ანესთეზიიდან გამოსვლის შემდეგ საჭიროა მოძლიერდეს, შემდეგ ჩიპავენ და თავშესაფრიდან უშვებენ.
“მუნიციპალიტეტები თითოეულ ძაღლს 150 ლარით აფინანსებენ. ამაში შედის ტრანსპორტირება, ოპერაცია, სტერილიზაცია და უკან დაბრუნება. ეს რაოდენობა ჩვენს სამუშაოსთან შედარებით მინიმალურია, რადგან ზოგიერთი ძაღლები თავშესაფარში რჩება, დაახლოებით 15-20 ძაღლი. უკან არ ვაბრუნებთ, რადგან საფრთხე ემუქრებათ“, – აცხადებს თემურ ლაჩხებიანი.
მისი თქმით,მუნიციპალიტეტები ფულს ძირითადად ძაღლების 20-30%-ზე ნაკლების დასაჭერად გამოყოფენ, მაგრამ თუ მაწანწალა ძაღლების 70%-ს სტერილიზაცია არ ჩაუტარდა, საქმიანობა უშედეგო იქნება და მათი რიცხვი გაიზრდება.
თემური ლაჩხებიანს მიაჩნია, რომ სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად მინიმუმს აკეთებს. აუცილებელია არა მხოლოდ კანონის მიღება, არამედ მუნიციპალიტეტებში თავშესაფრებისა და ვეტერინარული კლინიკების შექმნა, მობილური მანქანები. გვჭირდება სისტემა, რათა ოპერაციები ადგილზე გაკეთდეს, რომ ძაღლები თავშესაფრებში აღარ გადაიყვანონ. ყოველივე მუშაობას ამარტივებს. არსებობს ვეტერინარული კლინიკები, ექიმები, მობილური მანქანები და არის საგანმანათლებლო დაწესებულებები, თუმცა ჩვენთან წ ეს ყველაფერი სულ რამდენიმეა. საგანმანათლებლო დაწესებულებში, სადაც ვეტერინარები უნდა მომზადდნენ, მხოლოდ ახალციხესა და თბილისშია.”
ექსპერტის თქმით, ის ვითარება, რომელიც ახლა საქართველოშია, განვითარებულ ქვეყნებში 40 წლის წინ გამოსწორდა. თუ ასეთი ტემპით განვაგრძობთ, ამ საკითხის მოსაგვარებლად კიდევ 50-60 წელი დაგვჭირდება. მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისადმი მიდგომაც დიდ როლს თამაშობს. დირექტორი აღნიშნავს, რომ ხალხმა ძაღლები ქუჩაში არ უნდა გაყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. პროცესები კი კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს.
სახლში შინაური ცხოველის ადგილი არ არის, სახლში მხოლოდ ჯიშიანი ძაღლი უნდა წაიყვანო, ქუჩის ძაღლი გარეთ უნდა ცხოვრობდეს,- ასე ფიქრობს ახალქალაქელთა უმრავლესობა. თუმცა, ქუჩებში ხშირად გვხვდება ჯიშიანი ძაღლებიც – ჰასკი და ტაქსა.
მილკა ახალქალაქის ერთ-ერთი უსახლკარო, ტაქსას ჯიშის ძაღლი იყო, რომელიც ახალქალაქის ახალმა მცხოვრებმა, უკრაინიდან ლტოლვილმა, დარიამ აიყვანა. ქვეყნიდან ჰასკის ჯიშის ძაღლი ნიუშა და თეთრი კატა პუშკაც წამოიყვანა.
„ვიფიქრე, რომ ამ პატარა ძაღლს მაინც დავეხმარებოდი. ის მარტივად ისვრებოდა, რადგან ერთი თათი მეორეზე მოკლე აქვს,” – ჰყვება დარია იაბლონსკაია.
დარიას ახალქალაქელების დამოკიდებულება ეუცხოება. აქ ადამიანს ცხოველებთან ერთად სახლის დაქირავებაც კი უჭირთ.
„ცხოველზე განსხვავებულად ვზრუნავთ: იგი კარგად უნდა გამოიყურებოდეს და იკვებებოდეს. მცირე ფინანსების მიუხედავად, ცხოველზე მაინც ვიზრუნებ, რადგან მასზე ისევე ვარ პასუხისმგებელი, როგორც ბავშვზე. ცხოველების გამო მეტ ფულს ვიხდი, რადგან გარეთ არ გავაგდე. მხოლოდ ბავშებთან ერთად რომ ვყოფილიყავი, საქართველოში ჩამოსვლა ბევრად იაფი დამიჯდებოდა”.
მთელ მსოფლიოში მაწანწალა ძაღლების პრობლემის გადაჭრის რამდენიმე მოდელი არსებობს, ზოგი ჰუმანური, ზოგი უფრო მკაცრი.
მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში და ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ძაღლებზე ზრუნვისთვის პირებს 30-დან 800 ევრომდე უხდიან. თანხა ძაღლის ჯიშისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იცვლება. თუ ძაღლი დამცრობილია, გადასახადი უფრო მაღალია.
მთელ რიგ ქვეყნებში ცხოველის ქუჩაში გაშვება მკაცრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა, რომელიც 25 000 ევროს ჯარიმით ისჯება. შემოიღეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც, რომელიც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. აკრძალულია ცხოველი აღჭურვილობის გარეშე სეირნობაც, რადგან შეიძლება გამვლელები დააზარალოს. მებრძოლი ძაღლების მფლობელებისთვის სიარულის და მოვლის დარღვევისთვის სპეციალური ჯარიმებია დაწესებული – 50 ათასი ევრო. ეს წესები შემდეგ ქვეყნებში მოქმედებს: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია…
საქართველოში ჩატარებული პროცედურები – დაჭერა, სტერილიზაცია, სამედიცინო დახმარება, იდენტიფიკაცია, დაბრუნება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და შრომატევად საქმიანობად ითვლება. იგივე მეთოდი გამოიყენება ინდოეთში, ბანგლადეშში, ბულგარეთში, თურქეთში, საბერძნეთში, ტაილანდში, ინდონეზიაში, ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
არის ქვეყნები, სადაც მაწანწალა ძაღლებთან გამკლავების ყველაზე სწრაფი, იაფი და არაადამიანური ხერხი გამოიყენება – სროლა, მასობრივი განადგურება. ასე იქცევიან რუსეთში. სროლის შემთხვევა წელს ახალქალაქშიც დაფიქსირდა, თუმცა ამას სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან განცხადებით არავინ მიმართა.
არის ქვეყნები, სადაც მაწანწალა ძაღლებს თავშესაფრებში ათავსებენ. იქ ისინი ახალ პატრონებს ელოდებიან. უკიდურეს შემთხვევაში კი უმტკივნეულო ევთანაზიას მიმართავენ. ევთანაზია აუცილებელ ღონისძიებად განიხილება, რადგან თავშესაფრებმა ახალი ცხოველები უნდა მიიღონ. მიიჩნევენ, რომ ცხოველის ევთანაზია უფრო ჰუმანურია, ვიდრე ქუჩაში დატოვება და სასტიკი სიკვდილისთვის გაწირვა. ეს მოდელი თავის დროზე ესტონეთშიც დაინერგა.
უსახლკარო ცხოველების თავშესაფრების ქსელი Varjupaikade MTÜ ესტონეთში 2007 წლის დასაწყისში დაარსდა. მათ თითქმის 14 000 ცხოველსთვის ახალი ბინები უპოვნეს და დაახლოებით 5 600 შინაური ცხოველი პატრონს დაუბრუნდა. Jnews-თან ინტერვიუში თავშესაფრის წარმომადგენელმა ანი ანეტ მოისამაამ აღნიშნა, რომ მაწანწალა ძაღლების პრობლემა ესტონეთში ბოლომდე არ მოგვარებულა, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით სიტუაცია ნამდვილად გაუმჯობესდა. მიაჩნია, რომ ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს ადამიანების დამოკიდებულება და კულტურული ნორმები თამაშობს – ესტონელები ძაღლებს შინაურ ცხოველებად მიიჩნევენ. იქ უპატრონო კატების პრობლემა უფრო აქტუალურია, რადგან სრულიად დამოუკიდებელ ცხოველებად ითვლებიან.
“ამჟამად, ჩვენს თავშესაფრებში 700-ზე მეტი კატა და მხოლოდ 50 ძაღლია. უკანასკნელის პრობლემები ძირითადად ლეკვებსა და ძაღლების უპასუხისმგებლო პატრონებს ეხება. თავშესაფარში ძაღლებზე ზრუნვა საშუალოდ 300 ევრო ჯდება. ზოგჯერ ვეტერინარულმა ხარჯებმა შეიძლება რამდენიმე ათას ევროს მიაღწიოს.”
ანი ანეტის თქმით, ის ვითარება, რაც ახლა საქართველოშია, 90-იან წლებში ესტონეთში იყო. იქ მაწანწალა ძაღლების საკითხს 3 დიდი ქსელის თავშესაფარი და 30 არასამთავრობო ორგანიზაცია აგვარებს.
ესტონეთის მუნიციპალიტეტები ფინანსურად პატრონებს პირველი 14 დღის განმავლობაში ეხმარებიან. ამის შემდეგ საცხოვრებელი მხოლოდ შემოწირულობებით ფინანსდება. თუ პატრონი 14 დღის განმავლობაში ვერ იპოვეს ცხოველს აძინებენ, თუმცა საშუალოდ ცხოველისთვის ახალი სახლის პოვნას სამი თვე სჭირდება. ზოგიერთ წლობითაც კი ელოდება.
როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლა. ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრის დირექტორი თემურ ლაჩხებიანი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე კანონმდებლობა უძლურია. მართალია, პარლამენტი ამ საკითხსაც ეხება, მაგრამ ცვლილებები არ ჩანს, რადგან საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას, რაც საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს.