16 მარტს ახალქალაქის საავადმყოფოში ძაღლის ნაკბენით მოხუცი ქალი მიიყვანეს, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა ნორმალურია. 2023 წლის იანვრიდან დღემდე ახალქალაქში ძაღლმა 25, კატამ 3 ადამიანი დაკბინა.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგმა სურენ კარაპეტიანმა Jnews-ს აცნობა, რომ ქალი სტაბილურ მდგომარეობაში იყო, ნაკერი დაადეს და ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს.
ამის შემდეგ ქალი გამოწერეს, თავს კარგად გრძნობს. თუმცა, არავინ არ არის დაცული ასეთი თავდასხმისგან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, 2023 წლის იანვრიდან დღემდე მუნიციპალიტეტში კატის კბენის 3 და ძაღლის კბენის 25, ხოლო 2022 წელს ძაღლის კბენის 77 შემთხვევა დაფიქსირდა.
მაწანწალა ძაღლების პრობლემა ახალქალაქის ერთ-ერთ აქტუალურ, მუდმივ და გადაუჭრელ საკითხად რჩება. როგორც წესი, ის ნაწილობრივ ცხოველების დაჭერითა და სტერილიზაციით გვარდება, რაზეც მუნიციპალიტეტი ტენდერით მუშაობს, თუმცა ბოლო დროს საკითხი გამწვავდა.
ამ მომსახურებებზე ტენდერი პირველად 2022 წელს 18 ოქტომბერს 22 033 ლარის ოდენობით გამოცხადდა. მაშინ მონაწილეთა სიმცირის გამო ტენდერი არ შედგა და 2022 წლის 7 ნოემბერს იმავე თანხით გამოცხადდა. მეორედ ტენდერი შედგა და ის ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრმა მოიგო. ხელშეკრულება 2022 წლის 2 დეკემბერს დაიდო და 2023 წლის 31 მაისამდეა ძალაში. ტენდერის პირობების მიხედვით, ძაღლებს თვეში არანაკლებ სამჯერ (კონკრეტული თვეები შეირჩევა მყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს) დაიჭერენ და სტერილიზაციას ჩაუტარებენ.
როგორ ვითარდება ეს საკითხი, Jnews-ი მომდევნო მასალებში გაცნობებთ.
დამნაშავეები დანაშაულის გარეშე – ახალქალაქის მაწანწალა ძაღლები