ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილას შემთხვევები მატულობს. ყველაზე მეტი შემთხვევა სულდაში დაფიქსირდა, ბავშვები ძირითადად საბავშვო ბაღებიდან ავადდებიან, ამიტომ საბავშვო ბაღი ორი კვირით დაიხურება.

ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, ჩუტყვავილას შემთხვევები არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ აღმზრდელებს შორისაც დაფიქსირდა.

„სულდაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და ხვალიდან საბავშვო ბაღს ორი კვირით დავხურავთ. ავადმყოფებს შორის არიან ბავშვებიც და მასწავლებლებიც. სხვა საბავშვო ბაღებიდან ჩუტყვავილას შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა“, – ამბობს ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ანაჰიტ ასატურიანი.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი განმარტავს, რომ მონიტორინგის შედეგად ჩუტყვავილას შემთხვევები გამოვლინდა.

„სოფელ სულდას საბავშვო ბაღში ჩავატარეთ შემოწმება და მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ ბავშვები ავად იყვნენ – 60 ბავშვიდან 30. შემდეგ 9 ბავშვი დაავადდა, მათგან 8 დედმამიშვილი იყო, რომლებიც ერთი და იმავე სახლში იმყოფებოდნენ“, – ამბობს სირანუშ ტონაკანიანი.

აღნიშნავს, რომ სხვა სოფლებიდან ჩუტყვავილას შემთხვევების შესახებ ზარები ჯერ არ შემოსულა.

ჩუტყვავილა – არის ვირუსული ეტიოლოგიის მწვავე ინფექციური დაავადება, გადამდები ჰაერწვეთოვანი გზით. ის ძალზე გავრცელებულია. რბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში 15 წლამდე მოსახლეობის სულ მცირე 90%-ს უვითარდება იგი, 95% – ბავშვები.

ინფექციის წყარო ავადმყოფი ადამიანია. ვირუსი გარემოში არასტაბილურია, რის გამოც ინფექცია მესამე მხარეს პაციენტის მიერ გამოყენებული პირადი ნივთებით არ გადაედება.  დაავადების ინკუბაციური პერიოდი 10-21 დღეა. იგი ჩვეულებრივ რბილია, განსაკუთრებით ბავშვობაში და უფრო მძიმეა მოზრდილებში.

შეგიძლიათ გაეცნოთ:

ახალქალაქში ბავშვებში ჩუტყვავილაა გავრცელებული