მრავალწლიანი ლოდინიდან ხელმისაწვდომ მკურნალობამდე

მრავალწლიანი ლოდინიდან ხელმისაწვდომ მკურნალობამდე

ახალქალაქში ჰემოდიალიზის ისტორია – ეს არის მრავალწლიანი ლოდინის, სირთულეებისა და ჯავახეთის მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი გაუმჯობესების ისტორია. ახალქალაქის ჰოსპიტალთან არსებული ჰემოდიალიზის ადგილობრივი ცენტრი თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილად იქცა, რომლებსაც ადრე სამედიცინო დახმარების მისაღებად დიდი მანძილის დაფარვა უწევდათ.

ჰემოდიალიზი სისხლის გაწმენდის პროცედურაა, რომელიც აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისი თირკმელებიც თავის ფუნქციას სრულფასოვნად ვერ ასრულებენ. ასეთი მკურნალობა რეგულარულად, ჩვეულებრივ კვირაში რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს. ამიტომ სამედიცინო დახმარების სახლთან ახლოს მიღების შესაძლებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტებისა და მათ ოჯახებისთვის.

ახალქალაქში ცენტრის გახსნამდე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მცხოვრებლები იძულებულნი იყვნენ სხვა ქალაქებში, კერძოდ ახალციხეში ემგზავრათ ჰემოდიალიზის კურსის გასავლელად. ასეთი მგზავრობა მძიმე იყო როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად. რამდენიმესაათიანი პროცედურის შემდეგ პაციენტები ხშირად სიუსტეს გრძნობდნენ და დასვენება სჭირდებოდათ, თუმცა წინ კიდევ სახლში დაბრუნება ელოდათ. რეგულარული სატრანსპორტო ხარჯებიც ოჯახებისთვის დამატებით ტვირთად იქცეოდა.

ახალქალაქში ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა. პროექტის განსახორციელებლად საჭირო იყო შესაფერისი ფართი, სამედიცინო აპარატურა, დაფინანსება და სპეციალისტები. 2023 წლის ივლისში ახალქალაქში ჰემოდიალიზის ათი აპარატი ჩამოიტანეს, რაც ცენტრის გახსნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა.

ფართის მომზადებისა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ, 2023 წლის 19 დეკემბერს ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის კაბინეტი გაიხსნა. პირველ დღეს პროცედურა ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან ოთხმა პაციენტმა გაიარა. რეგიონის მცხოვრებლებისთვის ეს ნატვრის ახდენა და დიდხანს ნალოდინები მოვლენა იყო, რადგან გაჩნდა შესაძლებლობა, აუცილებელი მკურნალობა სახლთან უფრო ახლოს მიეღოთ.

დღეს ცენტრი განაგრძობს ორივე მუნიციპალიტეტის პაციენტების მომსახურებას. ახალქალაქის ჰოსპიტლის მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის შვიდი აპარატია დამონტაჟებული. ისინი კვირაში ექვსი დღე, დღეში სამ ცვლაში მუშაობენ. ამჟამად პროცედურას 22 პაციენტი გადის.

„დღეისათვის, რა აპარატებიც გვავს, სრულიად ჰყოფნით იმ პაციენტებს, რომლებსაც ჰემოდიალიზი სჭირდებათ. აღარ არიან პაციენტები, რომლებიც ამ მომსახურებისთვის ახალციხეში მიდიან. თავისუფალი ადგილებიც კი გვაქვს. ეს ნინოწმინდელ პაციენტებთან ერთად. ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის 7 აპარატია, რომლებიც ყოველდღე (6 დღე) 3 ცვლაში მუშაობს. ამჟამად ჩვენთან ჰემოდიალიზის პროცედურას 22 პაციენტი გადის“, – ამბობს ალექსან თოროიანი.

თავდაპირველად ახალქალაქში ჰემოდიალიზის ცენტრის მომსახურე სამედიცინო პერსონალის პრობლემა იყო – ექიმები ცვლის მიხედვით სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ. თუმცა ახლა ახალქალაქის საავადმყოფოს უკვე ჰყავს მაღალკვალიფიციური ნეფროლოგი კარუშ მაროქიანი.

კარუშ მაროქიანი – ახალქალაქის „გამორჩეული სპეციალისტი“

ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი განსაკუთრებული მნიშვნელობითა და სიამაყით აღნიშნავს, რომ თბილისისა და საზღვარგარეთის საუკეთესო კლინიკებიც კი ისწრაფვიან, ჰყავდეთ ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, როგორიც ნეფროლოგი კარუშ მაროქიანია.

ცენტრის გახსნამ პაციენტებს ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუადვილა. საკუთარ რეგიონში მკურნალობის კურსის გავლის შესაძლებლობა გზაში დახარჯული დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირებასთან ერთად, რეგულარულ მგზავრობასთან დაკავშირებული ფიზიკური დატვირთვის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰემოდიალიზი მრავალი წლის განმავლობაში სჭირდებათ, ასეთ ცვლილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ახალქალაქში ჰემოდიალიზის ისტორია გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი სამედიცინო ინფრასტრუქტურა. ცენტრის გახსნის მრავალწლიანი ლოდინის უკან დგას რეალური ადამიანური ბედ-იღბალი, დაავადებასთან ყოველდღიური ბრძოლა და მკურნალობის უწყვეტად მიღების აუცილებლობა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე