სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის შენობაში როგორც კი აცივდა, სასწავლო პროცესმა უნივერსიტეტიდან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში გადაინაცვლა, რადგან უნივერსიტეტის შენობა არ თბება. ადმინისტრაციული აპარატის წარმომადგენლის, ვასილ მოსიაშვილის თქმით, გათბობის სისტემის სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და სტუდენტები ახალ სემესტრს უნივერსიტეტში დაიწყებენ.
„უნივერსიტეტში გათბობის სისტემას არემონტებენ. სწორედ ამიტომ სასწავლო პროცესმა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში გადაინაცვლა, რადგან იქ გათბობის სისტემაა. უფასო საერთო საცხოვრებლის ოთახები საკლასო ოთახებად გადავაქციეთ და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის ყველა აუცილებელი პირობა შევქმენით. მთავარია სასწავლო პროცესი არ შეჩერდეს და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“, – ამბობს იგი.
მისივე განცხადებით, საერთო საცხოვრებლის ფართობი მოთხოვნებს აკმაყოფილებს: ოთხსართულიან კორპუსში, სადაც მეცადინეობები ტარდებოდა, საკმაოდ ბევრი თავისუფალი ოთახია.
სტუდენტებიც აღნიშნავენ, რომ საერთო საცხოვრებელში ყველა პირობაა შექმნილი და მეცადინეობები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, დამატებითი პრობლემები არ შექმნილა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ სწავლა უნივერსიტეტის შენობაში ზამთრის არდადეგების შემდეგ განახლდება.