ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს. კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

აზარაშვილის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას ნებისმიერმა პირმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში და პანიკა არ მოჰყვეს.

„ამ ეტაპზე განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვინც განცხადებებს აკეთებს, ყველა ადამიანს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, რათა მოსახლეობაში უსაფუძვლო პანიკა არ დათესონ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, დადასტურებით შემიძლია, გითხრათ, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც კი რაიმეს შევნიშნავთ – თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საშიშროება არ იქნება – ჩვენ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ჩემი თხოვნაა, რომ მედიამ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ, ლეგიტიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელოს ინფორმაცია. აუცილებელია, რომ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით და არა – ნებისმიერი მსურველის, ვისაც შეიძლება, კითხვა დავუსვათ და თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრების გამო, განცხადება გააკეთოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.