საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინიციატივით ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის “ფრუნზიკ მკრტჩიანი: ინდოეთს ვახსოვარ” ჩვენება გაიმართა. ფილმში ცნობილი მხატვრის ცხოვრების არა ტრაგიკული ეპიზოდები, არამედ ინდურ კინოში მისი როლია ასახული.
ფილმის ჩვენებას ახალქალაქში სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, კინოპროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი, პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები, რიგითი მოქალაქეები და სხვა პირები დაესწრნენ.
პროდიუსერის თქმით, ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს მსოფლიოს ხალხებს შორის ტოლერანტობის ნათელი მაგალითი უწოდეს. ფესტივალზე კი სომეხი მსახიობი ქართველმა რეჟისორმა წარადგინა.
“ყველგან ფრუნზიკის ფოტოები და საქართველოს დროშა გვხვდებოდა. მკრტჩიანი ძალიან მიყვარს და ვიფიქრე, რომ მასზე ყველასგან განსხვავებული ფილმი უნდა გადამეღო. მის პირად ცხოვრებას, ტრაგიკულ მომენტებს არ შევეხე, რადგან მგონია, ხალხმა არა მხოლოდ ამის შესახებ, არამედ მის ინდურ ფილმებში მონაწილეობაზე, მრავალმხრივ ნიჭზე უნდა იცოდეს“, – აცხადებს დავით ბეჟიტაშვილი.
ფილმი ერევანში, გიუმრიში, სომხეთის საზღვრისპირა რაიონებში აჩვენეს, რადგან რეჟისორის მიზანი ფილმი ყველა სომეხამდე “მიტანაა”.