13 დეკემბერს, გვიან საღამოს, ყოფილ N1 სამხედრო ქალაქში აფეთქების ფაქტზე ახალქალაქის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც შსს იუწყება, გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლი გულისხმობს შემდეგს – „ასაფეთქებელი ან სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა ხელსაწყოების ან ნივთიერების ტრანსპორტირება, განთავსება, სროლა, აფეთქება, სიკვდილის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენების ან სხვა მძიმე შედეგების გამოწვევის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
13 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე ახალქალაქის ყოფილ N1 სამხედრო ქალაქში, N500 საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აფეთქების ტალღამ ბინის ფანჯრები ჩამოამსხვრია. მეზობლების თქმით, იქ მცხოვრები ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი მსუბუქად დაშავდა.
ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, ინგა მაისურაძეს აქვს ნაქირავები, სადაც მარტო ცხოვრობს. იგი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი იყო. კანდიდატად დასახელებამდე კი ახალქალაქის სერვის ცენტრში მუშაობდა.
შეგიძლიათ წაიკითხოთ: