13 დეკემბერს დაახლოებით 23:00 საათზე ახალქალაქის ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში, №500 საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. დაზარალებულები არ არიან. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბუნებრივი აირით აფეთქება გამორიცხეს.

შემთხვევის ადგილზე საღამოს საათებიდან დილამდე პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. გამოძიება ამდრომდე მიმდინარეობს. Jnews-ი კი პასუხს შსს-სგან ჯერ კიდევ ელოდება.

აფეთქების ტალღამ ბინის ფანჯრები ჩაამსხვრია. მეზობლების თქმით, იქ მცხოვრები ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა.

მეზობლების თქმით, თავდაპირველად ეგონათ ხმაური სამხედრო წვრთნების გამო სამხედრო მომზადების ცენტრიდან მოდიოდა, რომელიც ქალაქის საცხოვრებელ ნაწილთან მდებარეობს, მაგრამ, როდესაც ფანჯრიდან გაიხედეს, ნახეს, რომ აფეთქება ბინაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მივიდნენ. სადარბაზოში პოლიცია დილამდე მორიგეობდა.

SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორი ვრეჟ ბერიკიანი ბუნებრივი აირით აფეთქებას გამორიცხავს.

„ღამით ყველაფერი შევამოწმეთ, გაზს არ გაუჟონავს, აფეთქება სამზარეულოშიც არ ყოფილა. ოთახში გაზის ორივე წერტილი ნორმალურ მდგომარეობაში იყო“, – განმარტავს ვრეჟ ბერიკიანი.

ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, ინგა მაისურაძეს აქვს ნაქირავები და მარტო ცხოვრობს. იგი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი იყო. კანდიდატად დასახელებამდე კი ახალქალაქის სერვისცენტრში მუშაობდა. წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის შტაბმა ინგა მაისურაძეზე ზეწოლის შესახებ არაერთხელ ისაუბრა.

როგორ მოხდა აფეთქება, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და მომხდარის სხვა დეტალებს Jnews-ი მომდევნო მასალებში გაგაცნობთ.