2 ნოემბერს ახალქალაქის მე-2 საჯარო სკოლის მშობლები უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ გააფრთხილეს. აცნობეს, რომ სკოლიდან ბავშვებს კაფეტერიასა თუ მაღაზიაში აღარ გაუშვებდნენ. მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბავშვის ადგილსამყოფელზე. ზოგიერთმა ეს ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხედ აღიქვა და ახალქალაქში პედოფილი არსებობაზე ისაუბრეს.

მშობლების თქმით, გააფრთხილეს ბავშვებისთვის აეხსნათ, რომ თუ უცხო ადამიანი მიუახლოვდებათ, ოჯახის მეგობრად წარუდგენენ თავს და მანქანაში ჩაჯდომას შესთავაზებენ, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდნენ.

ამან მშობლებში შიში გამოიწვია და მთელ ქალაქში გავრცელდა ჭორები, რომ ახალქალაქში ყველა მოსწავლე, ბავშვი და მშობელი პედოფილის არსებობის შესახებ გააფრთხილეს. როგორც გაირკვა, სიფრთხილის ზომებზე მხოლოდ ერთ სკოლაში და ზოგიერთ კლასში მუშაოებენ.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მითითება და ინფორმაცია არ მიუღიათ.

უსაფრთხოების ზომების შესახებ ბავშვებისა და მშობლების გაფრთხილება სკოლის ინიციატივა იყო, როგორც პრევენციული ღონისძიება, რათა მშობლებმა შვილების გადაადგილება გააკონტროლონ.

„რა თქმა უნდა ეს პრევენციაა, რადგან ზოგჯერ მშობლებს შვილების გვიან მიჰყავთ. მანდატურებთან ერთად ვაფრთხილეთ, რომ ბავშვები დროულად მივიდნენ სახლებში. სხვა  პრობლემა არ ყოფილა. ჩვენი ვალდებულებაა მშობლები გავაფრთხილოთ, დროულად წაიყვანონ შვილები და ყურადღებით იყვნენ როდის ბრუნდებიან ისინი სახლში. კლასის მასწავლებლები და მშობლები ვალდებულნი არიან ერთმანეთს უთხრან, რატომ არ არის ბავშვი ადგილზე ან რატომ აგვიანებს“, – განმარტავს ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდა აბგარიანი.

ბავშვთა უსაფრთხოების თემა ბოლო წლებში მეტად აქტუალური გახდა. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა რომ ბავშვების უსაფრთხოებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებიც არიან პასუხისმგებელნი. მოეთხოვებათ მათ ტერიტორიაზე მკაცრად გააკონტროლონ უცხო პირების გადაადგილება, ეჭვის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებსა და სამართალდამცავებს, აცნობონ ბავშვებს რისკების შესახებ და ასწავლონ სახიფათო სიტუაციებში მოქცევის წესები.