სექტემბრის დასაწყისიდან დასუფთავებისთვის დაკეტილი ახალქალაქის აუზი როდის გაიხსნება უცნობია.

სექტემბრის დასაწყისში ახალქალაქის აუზი დასუფთავების სამუშაოებისთვის დაიკეტა. პროცედურები ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან დასუფთავების სამუშაოები ყოველ ექვს თვეში ერთხელ ტარდება. ერთი თვის განმავლობაში აუზიდან წყალი იცლება, გაწმენდის შემდეგ თავიდან ავსებენ და ათბობენ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ახალქალაქის საცურაო აუზის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თვე უკვე ამოიწურა, ტექნიკური პრობლემები ახლა შეიქმნა და მათი მოგვარებაა საჭირო.

ახალქალაქის აუზი 2012 წლიდან ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში აუზში სხვადასხვა პრობლემა წარმოიშვა – თითქმის ყოველწლიურად აუზი რამდენიმე თვე არ მუშაობდა. 2-3 წლიანი შესვენების შემდეგ მიმდინარე წლის აპრილში თავიდან გაიხსნა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, შემდეგ კი კორონავირუსის პრევენციისთვის დაიხურა.

ამ მუნიციპალური დაწესებულების შემოსავალი 10 000 ლარია, ხარჯები კი ათჯერ მეტი – 2020 წელს აუზის ფუნქციონირებისთვის 177 000 ლარი გამოიყო, 2021 წელს თანხა 93 000 ლარამდე შემცირდა. წელს აუზის ბიუჯეტი 188 800 ლარია. მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში აუზის დახურვამდე მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა.