ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განიხილავენ და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის. ამის შესახებ მინისტერიალის დაწყებამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„დღეს და ხვალ ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო კვირებში ჩვენ ვიხილეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია უკრაინაში თებერვალში ინტერვენციის შემდეგ. რუსეთი ახორციელებს ათობით ათასი სამხედროს მობილიზებას. ისინი ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას და ჩვენ ვიხილეთ უკრაინულ ქალაქებზე განურჩეველი დარტყმები. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მოსკოვისგან შეფარული ბირთვული მუქარები. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს. გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებისგან იქნება ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა, ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი გზისთვის და მხარს დავუჭერთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მინისტრ რეზნიკოვთან შეხვედრა გაიმართება აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, ასევე მოგვიანებით ნატო-ს მინისტრებთან, სადაც ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მინისტერიალზე ასევე განიხილავენ ნატო-ს ქვეყნების აღჭურვილობისა და იარაღის მარაგების შევსების, მათ შორის იარაღის წარმოების გაზრდის საკითხს.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს თავდაცვასა და შეკავებას. ასევე როგორ შევავსოთ ჩვენი მარაგები, რადგან მოკავშირეებმა უკრაინას მხარდაჭერას უწევენ იარაღისა და აღჭურვილობის, ნატო-ს მარაგების შემცირებით. ეს არის სწორი ნაბიჯი, თუმცა, ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ, როგორ შევავსოთ ეს მარაგები. შესაბამისად, მე ველოდები, რომ მინისტრები შეთანხმდებიან მარაგებთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციების გადახედვაზე და ასევე თავდაცვის ინდუსტრიასთან მეტ ჩართულობაზე. ნატო არის უნიკალური პლატფორმა. ჩვენ გვაქვს ნატო-ს თავდაცვის დაგეგმარების პროცესი, გვაქვს შესაძლებლობების სამიზნეები, ვმუშაობთ სტანდარტიზაციაზე, ურთიერთთავსებადობაზე. ყველაფერი ეს არის ნატო-ს უნიკალური ინსტრუმენტები, რაც საშუალებას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ თავდაცვის ინდუსტრიასთან და მივაწოდოთ ინდუსტრიას გრძელვადიანი საჭიროებების მოთხოვნები, რათა მეტი ინვესტიცია მოხდეს წარმოების შესაძლებლობებში, რომ შევძლოთ მეტი იარაღის, აღჭურვილობის წარმოება, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვა და შეკავება და ასევე გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა მან.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მინისტერიალზე ასევე განხილული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა, რისი მნიშვნელობაც დადასტურდა ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე მომხდარი დივერსიული აქტებით.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში ასევე შედგება ალიანსის ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრა. მისი თქმით, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი რუტინული შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ის, როგორ უზრუნველყონ ნატო-ს შემაკავებელი შესაძლებლობების უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეფექტიანობა.

ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო მჭიდროდ აკვირდება რუსეთის ბირთვულ პოზიციას და აღნიშნა, რომ არ შეუმჩნევია რაიმე ცვლილებები რუსეთის ბირთვულ მდგომარეობაში, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იქნება ყურადღებით და გააგრძელებს მონიტორინგს.

„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ნატო-ს მიზანია კონფლიქტებისა და ომის თავიდან აცილება. შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ შესაძლებლობებს, რათა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ყველა მოკავშირე. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები უკრაინაში მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ რუსეთს, რომ ამას ექნება მძიმე შედეგები რუსეთისთვის. რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ პოზიციას. ჩვენ არ შეგვიმჩნევია რამე ცვლილებები რუსეთის ბირთვულ მდგომარეობაში, თუმცა ვიქნებით ყურადღებით, გავაგრძელებთ მონიტორინგს, რადგან ბირთვული მუქარები, ბირთვული რიტორიკა და შეფარული მუქარები რუსეთისგან არის საშიში და უგუნური“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.