მეფუტკრე ლიპარიტ პეტროსიანს მეგობრებმა ფუტკრის სკები აჩუქეს. როდესაც ლიპარიტის მეგობრებმა ინტერნეტით შეიტყვეს, რომ დათვი რამდენჯერმე ესტუმრა მის ფუტკრებს და სკები გაუნადგურა, 6 სკის ჩუქება გადაწყვიტეს.
ახალციხის სოფელ ხაკიდან ვარდგეს ეგიზარიანმა და მარტუნ პეტროსიანმა საკუთარი სკები წლეულს კარწახში დადგეს. ლიპარიტს დიდი ხანია იცნობენ. იყო დრო, როცა ლიპარიტი ეხმარებოდა მათ. ამჯერად კი გადაწყვიტეს თავად დახმარებოდნენ ძველ მეგობარს.
„ერთ დროს მეც ვეხმარებოდი ამ ადამიანებს. წლეულს სკები კარწახში დადგეს, როცა გაიგეს, რომ დათვმა სკა გამიტეხა და თაფლი შეჭამა, კარწახში დამპატიჟეს, გამიმასპინძლდნენ და სკები მაჩუქეს“, – ამბობს ლიპარიტ პეტროსიანი.
ის ძალიან მადლიერია მათი, ვინც ხელი გაუწოდა და აღნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები უნიკალურები არიან. „სახელმწიფომ არაფერი ამინაზღაურა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა, უყოყმანოდ, ფუტკრის ექვსი სკა მაჩუქეს“, – ამბობს იგი.
შეგახსენებთ, რომ ივნისში დათვი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ესტუმრა სკები გაანადგურა, მათ შორის ლიპარიტ პეტროსიანის 7 სკა.
მეფუტკრეებმა, რომელთა სკებიც დათვმა გაანადგურა და თაფლი შეჭამა, კომპენსაციის მოთხოვნით ახალქალაქის მერიას მიმართეს, მაგრამ უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში კომპენსაციას ვერ უზრუნველყოფდნენ.
ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე:
დათუნიას თავგადასავალი ჯავახეთში: ის რამდენიმე სოფელს ესტუმრა
ამჯერად ხევეთს ერთდროულად ორი დათვი “ეწვია”