სახლის პირობებში კარაქის მიღება ნაღების ათქვეფითაა შესაძლებელი. ეს არ არის სწრაფი და მარტივი პროცესი, ამიტომ ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ მარტივი ხის სადღვები გამოიგონეს. ბებია დოხიკი უკვე 35 წელია კარაქს ხელის სადღვებით ან როგორც ჯავახეთში ეძახიან “ხნოცით” ამზადებს.
ბოლო დროს ელექტრონული სადღვები ფართოდ გავრცელდა, თუმცა ჯავახეთის სოფლებში ასაკოვან ქალბატონებს სჯერათ, რომ მათი ხელის ნამუშევარს ვერცერთი ხელსაწყო ვერ ჩაანაცვლებს. მათ სჯერათ, რომ “ხნოციში” დამზადებული კარაქი ბევრად უკეთესია, რადგან ხის ხელსაწყო მას განსაკუთრებულ გემოს მატებს.
დოხიკ ნიკოღოსიანი- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის მცხოვრები- უკვე 35 წელზე მეტია ძველ ტრადიციებს ვერ უარყოფს. თითქმის ყოველ კვირა ის რძისგან მიღებულ ნაღებს თქვეფს, რომ შემდეგ კარაქი დაამზადოს.
“ჩვენმა წინაპრებმა კარაქის დამზადება მრავალი საუკუნის წინ ისწავლეს. იმ დროიდან კარაქი აქ ერთ-ერთი გავრცელებული რძის პროდუქტია”,- ყვება დოხიკ ნიკოღოსიანი.
მისი მტკიცებით, კარაქის თქვეფას ძალიან რთულ პროცესს ვერ დაარქმევ, მაგრამ ის ძალიან ხანგძლივი და შრომატევადია. თუმცა, სპეციალური მოწყობილობით სახლის პირობებში კარაქის მიღება განსაკუთრებულ შრომას არ მოითხოვს.
მისი თქმით, ნაღების ათქვეფის პროცესი 10-20 წუთი გრძელდება. კარაქი მზად არის მაშინ, როდესაც თქვეფის დროს გრძნობ, რომ სახელურის გადატრიალება რთულდება, სადღვები წინააღმდეგობის გაწევას იწყებს. კარაქის დამზადებისას ოპტიმალური საწარმო ნაღებია, რომელიც 2-3 დღის განმავლობაში უნდა იყოს შენახული, და რომლის ცხიმიანობის დონე 76%-ზე ნაკლები არ არის.
როგორც ბებია დოხიკი ყვება, საკუთარი ხელებით მიღებულ რძის პროდუქტებს არა მხოლოდ სახლში მოიხმარენ, არამედ სხვადასხვა პროდუქტზეც ცვლიან.
“ნაღების ათქვეფის შემდეგ კარაქთან ერთად დოსაც ვღებულობთ”,- ამბობს დოხიკ ნიკოღოსიანი. დოსგან სხვადასხვა კერძს ამზადებენ, ასევე სასმელის სახით მიირთმევენ.
მას შემდეგ, რაც მთლიანი პროცესი სრულდება, დიასახლისი, ტრადიციის თანახმად, კარაქს სამჯერ ჯვარს გადასახავს, ამბობს ლოცვას, და გაჭირვებულებსა და მოხუცებს ცოტ-ცოტას ურიგებს. ძირითადად, მეზობლებსა და ნათესავებს მიართმევს ხოლმე. ეს ტრადიცია წინაპრებისგან შემორჩა და დღემდე არსებობს.
“ხნოცი” — არის წაგრძელებული, ბაკისებრი, ოვალური ფორმის, ხის ან თიხის ჭურჭელი ზემოდან ნახვრეტით, სადაც რძის ნაღებს ასხამენ და თქვეფენ იქამდე, ვიდრე კარაქს მიიღებენ.