პოლონეთის პოლიცია ვარშავაში ბანკის ძარცვის საქმეზე ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ეძებს.
პოლონური მედიის ცნობით, 20 ივლისს, დილით, ოთხი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა ბანკის მცველს, დაჭრეს იგი და წაართვეს ჩანთა, რომელშიც ნახევარი მილიონი პოლონური ზლოტი იყო (100 000 დოლარზე მეტი).
თავდაპირველად ისინი დანით ცდილობდნენ დაცვაზე თავდასხმას, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 50 წლის ყოფილმა თანამშრომელმა წინააღმდეგობა გაუწია. შემდეგ ბანდიტებმა მას თავში დაარტყეს, რის შემდეგაც დაეცა. დაცვამ გაქცეულ დამნაშავეების მიმართულებით ათამდე გასროლა განახორციელა.
როგორც გაირკვა, დაცვამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გაგზავნეს.
პოლონური მედია ჟურნალისტსა და გამომძიებელზე დაყრდნობით წერს, რომ ოთხი მამაკაცი ერთმანეთს აღმოსავლური აქცენტით ესაუბრა და სავარაუდოდ ქართველები არიან.
პოლიცია ასევე თვლის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. პოლიცია მოუწოდებს საავადმყოფოებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ პაციენტებში ნებისმიერი საეჭვო დაზიანებების შესახებ.
მედიის ცნობით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში არის მომენტი, როდესაც დაახლოებით 10:30 საათზე კრიმინალები ტოვებენ მუქ ლურჯ ფოლსვაგენს და სხვა ავტომობილში სხდებიან.
„ეს ნიშნავს, რომ თავდასხმა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი“, – ასკვნის TVN24-ის კორესპონდენტი იან პიოტროვსკი.
პოლიციამ უკვე დაადგინა, რომ კრიმინალები გადავიდნენ Opel Insingi-ში, რომელიც ვარშავის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ქალაქის მკვიდრის საკუთრებაშია. მისი მანქანა მოიპარეს.