UFC საქართველოში ღონისძიების ჩატარებას 2027 წლის მესამე კვარტალში გეგმავს – სად გაიმართება ტურნირი
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) საქართველოში ღონისძიების გამართვას 2027 წლის მესამე კვარტალში (Q3 2027), ივლისი-სექტემბრის პერიოდში გეგმავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული შიდა დოკუმენტის ფოტოდან ხდება ცნობილი, რომელიც ორგანიზაციის გაფართოების სტრატეგიას ასახავს.
გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ღონისძიების ჩატარების სავარაუდო ადგილად თბილისის სპორტის სასახლე განიხილება. ამავე გეგმით, 2027 წელს UFC-ის ღონისძიებები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. კერძოდ, დოკუმენტში მითითებულია ყაზახეთი (Almaty Arena) – 2027 წლის 1 მაისს, უზბეკეთი (Humo Arena) – 2027 წლის მესამე კვარტალში და ყირგიზეთი (Bishkek Arena) – 2027 წლის მეოთხე კვარტალში.
UFC-ის გაფართოების გეგმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ახალი ბაზრების ათვისებას ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე ორგანიზაციას გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, ღონისძიების ჩატარების ზუსტი თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში UFC-ის ტურნირის შესაძლო გამართვის შესახებ ინფორმაცია მედიაში აქამდეც გავრცელდა. კერძოდ, სააგენტო TASS-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ 2027 წელს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ტურნირის გამართვა საქართველოში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში იგეგმებოდა.
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტურნირებთან დაკავშირებით, ხოლო უზბეკეთის დელეგაცია UFC-ის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა, სადაც ორგანიზაციის ტურნირის გარდა, ასევე, Zuffa Boxing-ის ჩატარება განიხილება,“ – აცხადებდა სააგენტოსთან წყარო.