საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი წლიურ ჭრილში 17%-ით გაიზარდა

საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი წლიურ ჭრილში 17%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი ღირებულებით გამოსახულებაში წლიურ ჭრილში 17%-ით გაიზარდა — ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 36 186 ტონა მზესუმზირის ზეთი, რომლის ღირებულებამ 56,1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ათ თვეში 34 677 ტონა მზესუმზირის ზეთის იმპორტი განხორციელდა, ღირებულებით — 47,8 მლნ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებული ზეთი წლიურ ჭრილში 12%-ით გაძვირდა. კერძოდ, გასულ წელს გადასახადების გარეშე 1 ლიტრის საშუალო საიმპორტო ფასი 1,38 დოლარს შეადგენდა, წელს კი ღირებულება 1,55 დოლარამდე გაიზარდა.

იმპორტირებული ზეთის 85% რუსულია
აღსანიშნავია, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტის სავაჭრო ბაზრებს შორის წელს, ათ თვეში, რუსეთი ლიდერობს. მასზე იმპორტის ღირებულების დაახლოებით 85% მოდის.

წარმოგიდგენთ 5 ძირითად სავაჭრო ბაზარს, საიდანაც წელს მზესუმზირის ზეთს ვყიდულობდით:

რუსეთი — 31 696 ტონა, ღირებულებით 47,9 მლნ დოლარი;

უკრაინა — 2 963 ტონა, ღირებულებით 5,2 მლნ დოლარი;

აზერბაიჯანი — 1 081 ტონა, ღირებულებით 1,8 მლნ დოლარი;

უნგრეთი — 377 ტონა, ღირებულებით 866 ათასი დოლარი;

თურქეთი — 38 ტონა, ღირებულებით 71 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ზეთის ფასებს, საქსტატის მონაცემები ზრდას როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში აჩვენებს. კერძოდ, ოქტომბერში მზესუმზირის ზეთი წინა თვესთან შედარებით 3,15%-ით გაძვირდა, ხოლო გასული წლის ოქტომბერთან შედარებით — 12,4%-ით.

მასალა: bizzone.info

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე