2022 წლის პირველ 3 თვეში „ჭკვიანმა კამერებმა“ სამცხე-ჯავახეთში 14441 დარღვევა დააფიქსირა, საიდანაც მხოლოდ 2 დაფიქსირდა ახალქალაქში. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოდარღვევის ოფიციალური სტატისტიკა.
ახალქალაქში კამერებმა დარღვევების აღრიცხვა 2021 წლის დეკემბრიდან დაიწყეს. ამის შემდეგ, მძღოლებს შორის პანიკა შეიქმნა, ისინი ტექდათვალიერებისკენ გაეშურნენ, ახალქალაქის ინსპექტირების ცენტრში გაუთავებელი რიგები შეიქმნა. მაგრამ ჯარიმებზე საუბარი მალევე შეწყდა, 2022 წლის აპრილში კი განახლდა. ამის შემდეგ, Jnews-მა გადაწყვიტა დაეზუსტებინა რის საფუძველზე, რა დარღვევებს აფიქსირებს ჭკვიანი კამერები.
პრინციპის, პერიოდისა და დარღვევების შესახებ – შსს-დან პასუხი არ მოსულა, თუმცა Jnews-მა საინტერესო სტატისტიკა მიიღო. ამ სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მარტში სამცხე-ჯავახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში, გარდა ახალქალაქისა, 1700-დან 8300-მდე ვიდეოდარღვევა დაფიქსირდა. აქ მხოლოდ 2 პირი დაჯარიმდა ტექდათვალიერების არგავლის გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ერთ-ერთმა დამრღვევმა კი საშეღავათო პერიოდში (10 დღე) გადაიხადა და 20% ფასდაკლება მიიღო, ანუ 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი გადაიხადა.
ნინოწმინდაში 1715 პირი დაჯარიმდა, მათ შორის, 23 იურიდიული და 1692 ფიზიკური პირი. აქედან 324-მა პირმა ჯარიმა პირველ 10 დღეში გადაიხადა და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა. ახალციხეში – 8215, ბორჯომში – 2726, ასპინძაში კი 1783 პირი დაჯარიმდა.
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში კამერებმა დარღვევად მხოლოდ ტექნიკური ინსპექტირების არგავლა დააფიქსირეს. თუმცა, ტექდათვალიერების გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში სხვა დარღვევები დაფიქსირდა. ასპინძაში სამართალდამრღვევთა უმრავლესობა – 1464 პირი სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმდა, საიდანაც რეგულარულ რეისებს 3 ადამიანი ახორციელებს. ახალციხეში სიჩქარის გადაჭარბების გამო 5380 ადამიანი დაჯარიმდა, მათგან 3 სატრანზიტო გადაზიდვებს ახორციელებდა. ბორჯომში ტექდათვალიერების არარსებობის გარდა, სიჩქარის გადაჭარბება და ისეთი დარღვევები დაფიქსირდა, როგორიცაა „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკინგი აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნების უგულებელყოფა.