ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების შესასვლელებში დაახლოებით 6 კუბური მეტრი მოცულობის ნაგვის ურნების მონტაჟი დაიწყო. ურნა დღეს ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა სოფელ ოლავერდში დაამონტაჟეს. ხვალ სოფელ მოდეგამში დაამონტაჟებენ. ერთი კვირის განმავლობაში სერვის ცენტრი 8 ნაგვის ურნის დამონტაჟებას გეგმავს.
ნაგვის დიდი ურნები “ქვიშის ბალიშებზე” განთავსდება. ურნები დამონტაჟდება სოფლებში: ხავეთში, აბულში, თითო დიდ და პატარა სამსარში, აზავრეთში, ვარევანში, ალასტანში, ხანდოსა და დილისკაში.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის თქმით, ნაგვის ურნები იმ სოფლებში მონტაჟდება, სადაც გზების შევსება და გრეიდერით გასწორება მიმდინარეობს.
„პარალელურად სოფლებში მიმდინარეობს გზების მოხრეშვა და გრეიდერით მოსწორება, იმ სოფლებში ვაყენებთ ურნებს ჩვენი სიიდან, სადაც გზა მოწესრიგებულია, რადგან ორმოების გამო, შესაძლოა ჩვენი ახალი ნაგვის მანქანა გაფუჭდეს. “ – თქვა მხითარ რსტაკიანმა.
ახალ ურნებს საქართველოში იაპონიის საელჩოს გრანტით შეძენილი ნაგვის ახალი მანქანა მოემსახურება. სოფლების განაპირას დგას დიდი ურნა, სულ 9 ურნაა, დამონტაჟდება 8, ერთი ურნა მუდამ ცარიელი იქნება, მას ჩაანაცვლებენ შევსებულით.