ჯავახეთის ქუჩაზე არიან აბონენტები, რომლებსაც 10 დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ერთ-ერთმა მცხოვრებმა მეზობელი ქუჩიდან რეზინის მილით გადმოიტანა წყალი ჯავახეთის ქუჩაზე, რათა ქუჩის მცხოვრებლები უწყლოდ არ დარჩენილიყვნენ.
კომპანია “მშენებლობის” (რომელიც აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს ჯავახეთის ქუჩაზე) წარმომადგენელი, ვარდან ჩოლახიანი ამბობს, რომ ასეთი პრობლემები არ არის.
“დღეს არ იყო წყალი იმიტომ, რომ გუშინ, სამუშაოების დროს წყალსადენის მილი დაზიანდა, მაგრამ სხვა პრობლემა არ უნდა არსებობდეს, ვიცი, რომ ყველა სახლში უნდა იყოს წყალი”, – ამბობს ჩოლახიანი.
JNEWS-ის კორესპონდენტი მივიდა ჯავახეთის ქუჩაზე. ჩვენთან საუბრისას მცხოვრებლებმა დაადასტურეს, რომ უკვე 10 დღეა არა მხოლოდ წყალი არ მოდის, არამედ კანალიზაციაც არ მუშაობს.
“წყალი არ გვაქვს დაახლოებით 10-12 დღეა. ყოველ დღე სათლებით ვეზიდებით წყალს მეზობელი ქუჩიდან. ჩვენთვის უცნობია, როდის გვექნება წყალი”, – ამბობს ჯავახეთის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
რადგან კომპანია “მშენებლობის” წარმომადგენელმა დაგვარწმუნა, რომ მსგავსი პრობლემა შეუძლებელია არსებობდეს, ჩვენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის-ცენტრის დირექტორს, გიორგი ვახტანგიშვილს დავუკავშირდით
“არ ვიცი, ჩემთვის მსგავსი პრობლემით არავის მოუმართავს. მაგრამ თუ არიან ადამიანები, რომლებსაც წყალი არ აქვთ, შეუძლიათ ჩვენს კომპანიას მომართონ. ჩვენ მივალთ ადგილზე და ვნახავთ პრობლემას. ასევე ვესაუბრები კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც სამუშაოებს აწარმოებენ”, – განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა.