ქალაქ ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე კანალიზაციის ხაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა 8 აპრილს ამოიწურა. კომპანია დაჯარიმდა, თუმცა მუშაობას განაგრძობს. სამუშაოები მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ჯავახეთის ქუჩაზე ასფალტის საფარი შარშან აყარეს. სამუშაოები დაიწყო, თუმცა ამინდის პირობების გამო შეჩერდა და მიმდინარე წლის მარტში განახლდა. ელექტრონული ტენდერის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა მიმდინარე წლის 8 აპრილი იყო, თუმცა კომპანიამ სამუშაოების დასრულება ვერ მოასწრო და ამიტომ დაჯარიმდა.
კომპანია „მშენებლობის“ დირექტორის, ზურაბ გუგეშაშვილის განცხადებით, სამუშაოები გრძელდება და მაისის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ჯავახეთის ქუჩის გასწვრივ ახალი საკანალიზაციო ხაზის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი 603 700.00 ლარით კომპანია „მშენებლობამ“ მოიგო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ზამთრის თვეებში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ჯავახეთში მკაცრი ზამთრის გამო, მისი განხორციელება ძალიან გართულდა.