ახალქალაქის აუზი იხსნება. საცურაო აუზი 3-4 დღეში გაიხსნება, რადგან წყალი ახლა თბება, სპორტული დარბაზი კი უკვე ღიაა და მზადაა მომხმარებლების მისაღებად.
„გაზი ჩართულია, წყალი ჩართულია, ველოდებით მომხმარებლებს, რაც შეეხება საცურაო აუზს, წყალი ისევ თბება, კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება დათბობას, დარბაზი მზადაა, ნებისმიერ მსურველს ხვალვე შეუძლია მოსვლა“, – თქვა ახალქალაქის საცურაო აუზის დირექტორმა, მარტინ გაბრიელიანმა. როგორც ის აღნიშნავს, აუზში ყველა ტექნიკური პრობლემა მოგვარებულია.
თვიური აბონემენტის ღირებულება იგივეა: 7-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის – 10 ლარი, 13-დან 19 წლამდე – 20 ლარი, 20 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის – 40 ლარი.
სპორტდარბაზის აბონემენტის შეძენა შესაძლებელია თვეში 25 ლარად. სპორტული დარბაზი მხოლოდ ქალებისთვის არის.
ახალქალაქის აუზი 2012 წლიდან ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში სხვადასხვა პრობლემა წარმოიშვა, თითქმის ყოველწლიურად აუზი რამდენიმე თვე არ მუშაობდა.
ახალქალაქის აუზმა ფუნქციონირება 2018 წლის 1 აგვისტოდან შეწყვიტა. დახურვის თავდაპირველი მიზეზი კანალიზაცია გახდა. სისტემა არ მუშაობდა, სარდაფში წყალი დაგროვდა. პრობლემების აღმოფხვრის სამუშაოები მუდმივად ჭიანურდებოდა. მხოლოდ 2019 წლის თებერვალში დაიწყო აუზმა მუშაობა, მაგრამ ნაწილობრივ. მიზეზი მოზრდილთა აუზიდან წყლის გაჟონვა გახდა. შემდეგ, პანდემიის გამო, აუზი დაიხურა. ამის შემდეგ, დახურულ აუზში გათბობის გამორთვის გამო, გათბობის სისტემა და წყალმომარაგება ჩაიშალა.