ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ შორეულ სოფელში – ბალხოში, 82 წლის ქალს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, მაგრამ დიდთოვლობის გამო ექიმები პაციენტის სახლამდე ვერ მიდიან. თოვლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.
Jnews-ის რედაქციას სოფელ ბალხოდან მიმართეს, რომელიც სხვა სოფლების მსგავსად ძლიერი ქარისა და თოვლის გამო გარესამყაროდან მოწყვეტილია.
ბალხოში მცხოვრებ 82 წლის იარემა სარგსიანს ფეხი აქვს მოტეხილი. ადგილობრივი ექთანი ტკივილგამაყუჩებლებს აძლევს, სხვა ვერაფრით ეხმარება. მესამე დღეა ისინი სასწრაფოს ელოდებიან, რომ მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანონ. თუმცა ადგილზე ვერ აღწევს სასწრაფო დახმარება, გზები ჩაკეტილია. მოსახლეობის თქმით, სოფელს საკუთარი ტრაქტორი არ ჰყავს, რათა გზა როგორმე გაწმინდონ.
„ჩვენს სოფელში გზა არ არის, ვერსად მიხვალ, ყველაფერი დაკეტილია. კონკრეტულად ჩვენი სახლის წინ დაკეტილია. სოფელში სასწრაფოც რომ მივიდეს, ჩვენს სახლამდე ვერ მოაღწევენ. მთლიანად უნდა გაიწმინდოს გზა, რომ ახალქალაქში წაიყვანონ. 112-ში დავრეკე, გვითხრეს: „დაელოდეთ“. სოფელ ზაქში საგანგებო სიტუაციების სამსახური გუშინ მივიდა და სასწრაფო დახმარების მანქანასთან ერთად უკან დაბრუნდა. უფრო შორს ვერ წავიდნენ. დღეს სოფელ არაგვიდან გზის გაწმენდა დაიწყო ზაქისკენ, მერე ბუღაშენისკენ, შემდეგ ბალხოსკენ, მაგრამ გამწმენდი მანქანა გზაზე გაფუჭდა“, – წერს სოფლის მცხოვრები.
ბალხო დახმარებას ელოდება. თუმცა, ანალოგიური მდგომარეობა ბევრ შორეულ სოფელშია შექმნილი.