ახალქალაქში, აღმაშენებლისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის რეაბილიტაციისთვის ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ წლეულს 100 000 ლარი გამოყო. რეაბილიტაციის პროექტი ჯერ მზად არ არის და კონკრეტულად რა გაკეთდება პარკში უცნობია.

2022 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შორის ახალქალაქის საკრებულომ, ასევე დაამტკიცა პარკის რეაბილიტაცია, რომელსაც ოფიციალური სახელი არ აქვს, მას ხალხში „მნდოს პარკს“ უწოდებენ, საკრებულოს მიერ მომზადებულ განხილვის პროექტში პარკი მოხსენიებულია ე.წ. “ჯივანის”, ასევე „9 აპრილის პარკის“ სახელწოდებით.

პარკში აშუღ ჯივანის ძეგლი დაიდგა, აქვეა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლიც. ამ დროისთვის პარკი ავარიულ მდგომარეობაშია, ყველგან ნაგავია.

კეთილმოწყობისთვის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 100 000 ლარი გამოყო. თუმცა, რეაბილიტაციის პროექტი ჯერ შედგენილი არ არის და უცნობია, რა სახის სამუშაოები განხორციელდება. ამას არქიტექტორთან და დიზაინერთან ერთად გადაწყვეტენ.