კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გააგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის მომართვისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების, მათ შორის გარე ჩარევის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები ქვეყანაში არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. ორგანიზაცია 1999 წელს დატოვა საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა.