ახალქალაქის სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღის მშენებლობის ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
გოგაშენი ახალქალაქიდან 30 კმ-ში მდებარეობს, სადაც ბევრი პრობლემაა, თუმცა საბავშვო ბაღის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი 2020 წელს გამოცხადდა და ხელშეკრულების მიხედვით 2021 წლის 31 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. უამინდობის გამო ვადა 30 ნოემბრამდე გადაიდო.
ეს პერიოდიც არ იყო საკმარისი სამუშაოს დასასრულებლად. ტენდერის გამარჯვებული, K-Company-ის წარმომადგენელი კობა ნადირაძე ამბობს, რომ მზად არის ჯარიმა დაგვიანებით დასრულებისთვის გადაიხადოს. სამუშაოების დასრულებას კვირის ბოლომდე გეგმავენ.
„ბაღის მშენებლობაზე ხელშეკრულება გასული წლის ნოემბერში გაფორმდა, მაგრამ წვიმისა და სიცივის გამო, დროულად ვერ დავასრულეთ. საბავშვო ბაღი 50 ადამიანზეა გათვლილი, მაგრამ როდის დაიწყებს მუშაობას, დაზუსტებით ვერ ვიტყვი“, – განმარტა მან.
სოფელ გოგაშენის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, საბავშვო ბაღი რამდენიმე სოფლის ბავშვებზე ზრუნავს. ინფორმაცია ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორმა ანაჰიტ ასატურიანმა დაადასტურა და განაცხადა, რომ საბავშვო ბაღი სოფელ ოკამზე, ქარცეფზე, აფნიაზე, აზმანასა და გოგაშენზეა გათვლილი და შემოწმების შემდეგ გაირკვევა, როდის შევა საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში.
ტენდერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 802 209 ლარია. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა – 137 500 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 12 500 ლარი. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 624 599 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 27 610 ლარი.