21 ნოემბერს ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარებული ღონისძიების „კოვიდ რეგულაციების დაცვის“ ფარგლებში ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამველ მანუკიანმა ვაქცინა გაიკეთეს.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მელქონ მაკარიანმა განაცხადა, რომ ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად ვაქცინაცია ყველამ უნდა გაიკეთოს და მოუწოდა, მის მაგალითს მიბაძონ.
„მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში იმ ვირუსის წინააღმდეგ ვიბრძვით, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად ყველამ წვლილი უნდა შევიტანოთ. ბოლო დღეებში გაიზარდა, როგორც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ასევე დაავადების შემთხვევები. ყველას ვთხოვ, სახელმწიფოს მიერ გამართულ გამოწვევაში მიიღონ მონაწილეობა და გაიკეთონ ვაქცინაცია“, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
Sinopharm -ით აცრის შემდეგ, მერი თავს კარგად გრძნობდა.
დეპუტატი სამველ მანუკიანი Pfizer-ის პირველი დოზით აიცრა.
„უკვე გადავწყვიტილი მქონდა აცრა და ღონისძიება ჩემს გადაწყვეტილებას დაემთხვა. სასიხარულოა, რომ სახელმწიფომ ასეთი შესაძლებლობა მომცა. თავს კარგად ვგრძნობ, იმედი მაქვს ასე იქნება მომავალშიც. ამ დაავადებასთან ბრძოლის სხვა საშუალება არ არსებობს“, – განმარტა სამველ მანუკიანმა.
რეგიონის უფლებამოსილმა (გუბერნატორმა) ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიება ახალქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„დღესდღეობით ახალქალაქის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ასეთ შედეგს არ ველოდი, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ, დღევანდელი აქცია ახალქალაქელებისთვის მაგალითი იქნება და სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდება. მეტი აცრილი ადამიანი – ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
ღონისძიების შედეგად, ახალქალაქში 120-მდე ადამიანი აიცრა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.