16 ნოემბრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში “არმატის” საინჟინრო ლაბორატორიის გაკვეთილები დაიწყო, სადაც 70-მდე ბავშვი სწავლობს.
„ბეჟანოს მოზარდებს ამიერიდან ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ რობოტიკას, პროგრამირებას, თამაშებისა და ანიმაციის შექმნის ტექნიკას კეთილმოწყობილ და ტექნიკურად აღჭურვილ საგანმანათლებლო გარემოში“, – აღნიშნულია “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
ცენტრში ბავშვებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, თანამედროვე ინჟინერიასა და რობოტიკას შეასწავლიან.
სამცხე-ჯავახეთში უკვე 8 ლაბორატორიაა. პირველი ლაბორატორია ახალქალაქში 2018 წელს გაიხსნა, შემდეგ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში, „არმატი“ ასევე მოქმედებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში, ლაბორატორიები – ახალციხესა და სოფელ წყალთბილაში.
ბეჟანოში „არმატის“ საინჟინრო ლაბორატორიების შექმნის პროგრამა “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდთან, მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა გაერთიანებასთან, “ჰრაირ და ანა ოვნანიანების” ფონდისა და სერგეი ვანციანის მხარდაჭერით ხორციელდება.