2021 წელი დასასრულს უახლოვდება და ქალაქის აუზმა, რომელზეც 93 000 ლარი დაიხარჯა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ერთი ლარიც ვერ შეიტანა. კორონავირუსის გამო, აუზი საერთოდ დაიხურა მიუხედავად იმისა, რომ ძველიც და ახალი ადმინისტრაციაც აუზის მალე გახსნის დაპირებას იძლეოდა.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში, ახალქალაქის აუზის მაშინდელმა ახალმა დირექტორმა Jnews-ს აცნობა, რომ აუზის გახსნა ერთ თვეში იგეგმებოდა. თუმცა, გამოცხადებული პერიოდის ბოლოს აუზზე კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. ელექტროგაყვანილობის მოუწესრიგებლობის გამო აუზის შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა. მას შემდეგ, აუზის გახსნა რამდენიმე გადაიდო და დღემდე არ ამუშავდა.
ახალქალაქის აუზი კვლავ ემზადება გახსნისთვის
27 სექტემბერს, Jnews-თან ინტერვიუში აუზის დირექტორმა, მარტინ გაბრიელიანმა განაცხადა, რომ გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო წარმოქმნილი პრობლემები მოგვარებულია. როგორც მან მაშინ თქვა, პატარა აუზი უკვე სავსეა და დიდი ივსება, რასაც დრო სჭირდება.
კითხვაზე, რატომ არ მუშაობს ახლა აუზი, დირექტორი გვპასუხობს, რომ ისევ ელექტროგაყვანილობის პრობლემაა, რომ აუზი ძველია. შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საცურაო აუზი 2011 წელს გაიხსნა.
ახალქალაქის საცურაო აუზი 2018 წლიდან წყვეტებით ფუნქციონირებს. აუზის ფუნქციონირებაზე საბოლოო ჯვარი კორონავირუსმა 2020 წელს დასვა. იმის გამო, რომ აუზი ზამთარში არ მუშაობდა, ძლიერმა ყინვებმა სარემონტო სამუშაოები შეაფერხა. გასული წლის ივნისში, ეპიდემიის გამო, ხანგრძლივი დახურვის შემდეგ, აუზების გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. საჭირო უსაფრთხოების ნორმების დაცვით ფუნქციონირება შეეძლოთ. გახსნისთვის ემზადებოდა ახალქალაქის აუზიც, მაგრამ აუზი დღემდე დაკეტილია.
ამ მუნიციპალური დაწესებულების შემოსავალმა 2019 წელს 10 000 ლარი შეადგინა, ხარჯები კი ათჯერ მეტია – 2020 წელს აუზის ფუნქციონირებისთვის 177 000 ლარი გამოიყო, 2021 წელს კი 93 000 ლარამდე შემცირდა. აუზი უმეტესად, პრაქტიკულად დაკეტილია.