ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და 408 ცალკეული კლასი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი იმყოფება.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება. გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.

სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.