დღეს, 28 ოქტომბერს, სოფელ განძაში “ვაქცინაციის მარათონი” მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სამცხე-ჯავახეთში ჩავიდა. ის სოფელ განძას ეწვია. მისი ვიზიტის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა 5 ადამიანს ჩაუტარდა.
სოფელ განძაში «ვაქცინაციის მარათონის» ფარგლებში, ამ დროისთვის 5 ადამიანია აცრილი, მათგან 4 Pizer ვაქცინით და 1 Sinovac-ით. ვაქცინაცია ჩატარდა სოფლის სამედიცინო ცენტრში, აცრამდე მსურველებს უკეთებენ სწრაფ ტესტს (ანტიგენზე).
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში ორი ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებული რეგიონია ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.
შეგახსენებთ, NCDC-მ 18 ოქტომბერს დაიწყო COVID-19-ის «ვაქცინაციის მარათონი» ქვეყნის რეგიონებში. პროგრამის მიხედვით, ექიმთა სპეციალური მობილური ჯგუფები დადიან სოფლებში, ხელს უწყობენ ვაქცინაციას და ყველას ადგილზე ცრიან, ანუ სოფლის სამედიცინო პუნქტებში. მარათონი სულ 49 სოფელს მოიცავს.
ამირან გამყრელიძე სოფელ განძის გარდა, დილისკას ეწვევა. ხვალ კი ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში ჩასვლასაც გეგმავს.