დღეს, 9 აგვისტოს, აშშ -ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები ახალქალაქს ეწვივნენ. ვიზიტი ახალქალაქის ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისში სტუმრობით დაიწყო. ამის შემდეგ ელჩი JNEWS– ის ოფისში GIPA Media Lab– ის მონაწილეებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში ევროპული ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხებსა და ცენტრის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოს.
”ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრაა. ჩვენ გავაცნობთ ჩვენს ცენტრს, რას აკეთებს ის, რა ღონისძიებებს ატარებს რეგიონში და ასევე, განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ვახორციელებთ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ამ პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდას და გვსურს გავაგრძელოთ ეს პროექტი”, – განაცხადა ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში, თეონა ზურაბიშვილმა.
”დავაგვიანე სამცხე-ჯავახეთის მონახულება. საქართველოში დანიშვნის პირველ წელს პანდემიის გამო ვერ ვიმოგზაურებდი, მაგრამ ახლა აღფრთოვანებული ვარ ჩემი მოგზაურობით საქართველოს ამ რეგიონში. არ ვიცოდი ასეთი თვალწარმტაცი, ლამაზი მხარე თუ იყო. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა, პროგრამების მაღალმა დონემ და რეგიონში ახალგაზრდებისთვის არსებულმა ბევრმა შესაძლებლობამ. შევხვდი სტუდენტებს, ჟურნალისტებს, ქალებს ბიზნესში. ვგეგმავ კარტოფილის მეურნეობის მონახულებას, რომელიც USAID– ის მხარდაჭერით გაიხსნა და მიზნად ისახავდა მოყვანილი კარტოფილის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, დავათვალიერებ რძის მეურნეობას “, – განაცხადა აშშ – ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
კელი დეგნანმა მაღალი შეფასება მისცა ცენტრის მუშაობას და ხაზი გაუსვა ცოცხალი კომუნიკაციის, რეგიონში საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან – ვისაც მოსახლეობა ენდობა, თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან აშშ – ს ელჩი საქართველოში ეწვია ჩვენს რეგიონულ ცენტრს სამცხე – ჯავახეთში. ჩვენ ვთანამშრომლობთ და განვახორციელებთ ერთობლივ ფართომასშტაბიან პროექტს მოსახლეობის ინტეგრაციის, ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. ელჩი დაინტერესდა ჩვენი მუშაობით, ვისთან ვმუშაობთ, რა მიზნები გვაქვს, რა პრობლემების წინაშეა რეგიონი და რა არის მთავარი დეზინფორმაცია. პანდემიის გამო, შევცვალეთ ჩვენი საქმიანობა ონლაინშეხვედრებით. ვმართავთ ZOOM – შეხვედრებს სოციალური ქსელის გამოყენებით. განვიხილეთ ჩვენი პროექტის გაგრძელებისა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები”, – განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ საქართველოში, ირინა შამილაძემ.
ამალია ბაბაიანი