მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტურისტებისგან მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე ტესტირება, რადგან ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტი გარანტიაა, რომ გაყალბებულ დოკუმენტაციასთან არ გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ტურისტების გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
„შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო იქნება უკვე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდ არის გაშლილი ტესტირების ცენტრები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად, ჩვენ ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტურისტი, რომელიც არის ორჯერადად აცრილი, მიუხედავად ვაქცინაციის სრული კურსისა, საქართველოში დამატებით გაიკეთოს ტესტი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეგულაცია, მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არის. ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს რეგულაცია და არა რეკომენდაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.