სამეგრელო ხმაურია.
ერთ-ერთი სოფლის მოსახლემ მამა-შვილის სახლი დაწვა, რომელნიც 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სოფლის მოსახლეობა ბრალდებულის მკაცრ დასჯას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამა და შვილი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 8 წლის გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან.
ასევე ცნობილია, რომ მამა-შვილი ბავშვს მოკვლით დაემუქრნენ და აიძულეს მომხდარი საიდუმლოდ შეენახა. როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა AMBEBI.GE– სთან საუბარში განაცხადა, ბავშვმა მშობლებს მომხდარის შესახებ მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა.
”მთელი სოფელი ფეხზე იდგა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა და შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მისი ოჯახის წევრებს სოფლის დატოვება აიძულეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებასაც. შვილი 35, ხოლო მამა დაახლოებით 60 წლისაა. ორივეს ჰყავს მეუღლე და შვილები. მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. არასოდეს ყოფილა ეს კარგი რეპუტაციის მქონე ოჯახი, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს”, – თქვა ერთ-ერთმა მეზობელმა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან რვა წლამდე.