თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრები დაიკეტა და პირველ ივნისს სახმელეთო საზღვრები ბოლოს და ბოლოს გაიხსნა. მაგრამ ქვეყანაში შემოსასვლელად არაერთი დოკუმენტის წარდგენაა აუცილებელი.
პირები, რომლებმაც ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს ნათესავებისა და მეგობრების მონახულება, უკვე ემზადებიან საქართველოში ჩამოსასვლელად, მაგრამ ჯერ აუცილებელია PCR-ტესტის (ბოლო 72 საათის განმავლობაში) უარყოფითი შედეგის შესახებ ცნობის წარდგენა. ტესტის ჩაბარების პროცესი ამით არ მთავრდება. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახალქალაქში არიან ჩამოსულები, PCR-ტესტის ჩატარება უკვე მეორედ შეუძლიათ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში.
«სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა რეალურად ტესტები უნდა გაიკეთონ ახალციხეში, მაგრამ ვცდილობთ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ ყოველ ჯერზე ახალციხეში ტესტის ჩასაბარებლად ან პასუხის მისაღებად არ ჩავიდნენ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ახალციხის ერთ-ერთ ლაბორატორიასთან და უფასო ტესტებთან ერთად, რომელსაც ვატარებთ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ვუკეთებთ ტესტირებას. ტესტების საფასურის გადახდა TBC Bank-ის მეშვეობით ხორციელდება, ამას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს»,- ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სერანუშ ტონაკანიანი.
ტესტის ღირებულება 110 ლარია, მაგრამ თუ ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება პასუხის მიღება, 5 საათში, ამ შემთხვევაში 130 ლარი უნდა გადაიხადოს.
ვისაც 72 საათში უწევს განმეორებითი ტესტის გაკეთება, თავად უნდა დაუკავშირდეს ჯანმრთელობის ცენტრს.
«ჩვენ მათთან წასვლა და ტესტის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირმა გადაკვეთა საზღვარი, შესაძლოა საზღვრიდან გვიან გამოგვიგზავნონ, ამიტომ ისინი თვითონ უნდა დაგვიკავშირდნენ ტესტის გასატარებლად», – ამბობს სირანუშ ტონაკანიანი.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, ის არ არის სავალდებულო. დაზღვევა დაკავშირებულია იმასთან, რომ მაგალითად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის საქართველოში და მას საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა, ამ შემთხვევაში, თუ მას აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, მისი ქვეყანა დაფარავს მკურნალობის ხარჯებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაზღვევის წარდგენა საზღვარზე არ არის სავალდებულო.
შეგახსენებთ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აცრა ჯერ არ აქვთ გაკეთებული, საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მსოფლიოს 53 ქვეყნიდან. მათ უფლება აქვთ ჩამოვიდნენ საქართველოში სახმელეთო და საჰაერო გზით PCR-ტესტის საფუძველზე, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე 72 საათით ადრე გაკეთდა და ასევე იმ პირობით, რომ ქვეყანაში ყოფნის მესამე დღეს კორონავირუსის განმეორებით ტესტს გაიკეთებენ საკუთარი ხარჯებით. ამავდროულად, მათ საქართველოში წინასწარ უნდა შეავსონ სპეციალური გამარტივებული ფორმა.
ფორმის შევსება შეგიძლიათ ინტერნეტით შემდეგ ბმულზე.
თუ უცხოელი ვიზიტორი განმეორებით PCR-ტესტს არ გაიკეთებს, ის 2000 ლარით დაჯარიმდება.