ახალქალაქის №3 ქართული სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც კლასები, რომლებიც შენობაში სწავლობდნენ, 2 კვირით კვლავ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
ახალქალაქის სკოლები კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადიან. 15 თებერვლიდან №3 სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, №3 სკოლის იმ თანამშრომელს, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, კონტაქტი მხოლოდ 9 პირთან ჰქონდა.
“ცხრა ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი, თვითიზოლირებულნი არიან”,- აცხადებს ავეტიკ ტონაკანიანი.
ახალქალაქის №3 სკოლის შენობაში რემონტი მიმდინარეობს, რის გამოც სკოლის მაღალი კლასები სასწავლო წლის დაწყებიდან დისტანციურად სწავლობენ. 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით №5 საჯარო სკოლაში (რომელიც ადგილობრივებს შორის ცნობილია, როგორც ინტერნატი) მეცადინეობას მეორე ცვლაში ატარებდნენ. ზუსტად ეს კლასები გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, რადგან სკოლის ტექნიკური მუშა კორონავირუსით დაავადდა. თუმცა, №5 სკოლა ონლაინ სწავლებაზე არ გადადის, რადგან, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ამტკიცებენ, სკოლაში ცვლებს შორის სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება,.