დღეს, 8 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრას მოსახლეობა ახალქალაქის მერიაში ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქიდან მაჟორიტარ დეპუტატს, სამველ მანუკიანს შეხვდა. საქმე იმაშია, რომ ხოსპიოს ტერიტორიალურ ოლქში მერის წარმომადგენელ ვალენტინ კარსლიანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა (სადაც სოფელი ბავრაც შედის) ამოიწურა, სოფელ ბავრას მოსახლეობა დეპუტატს მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვს.
სოფელ ბავრას დაახლოებით 100-მა მცხოვრებმა დეპუტატთან შეხვედრისას ხოსპიოს ტერიტორიალურ ოლქში მერის წარმომადგენლის, ვალენტინ კარსლიანის თანამდებობაზე დატოვება მოითხოვა.
“შევიკრიბეთ, რომ დეპუტატს, სამველ მანუკიანს შევხვდეთ. გვინდა ვთხოვოთ, რომ ვალენტინ კარსლიანი თავის თანამდებობაზე დარჩეს. ის ძალიან კარგი ადამიანია, მუდამ გვეხმარება ჩვენ, მუდამ მხარს დავუჭერთ მას”, – ამბობს სოფელ ბავრას მცხოვრები ვარდან კარაპეტიანი.
როგორც პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი აცხადებს, არავინ არავის ათავისუფლებს სამსახურიდან. მისი თქმით, ვალენტინ კარსლიანის ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა.
“მას მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ხელმეორედ გაფორმდება თუ არა მასთან ხელშეკრულება, ამას მერიაში გადაწყვეტენ”, – ამბობს ის.
მერიაში განმარტეს, რომ ვალენტინ კარსლიანთან ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ახალქალაქის რაიონში ერთადერთი მონაკვეთი, სადაც მაჟორიტარმა კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა სამველ მანუკიანს 18 ხმით აჯობა და გაიმარჯვა, სოფელი ბავრაა.