ახალქალაქის სოფლებში კარტოფილის მოსავლის აღების სეზონი დადგა. ჯავახეთის სოფლებისთვის ეს წლის ერთ-ერთი ისეთი პერიოდია, რომელსაც თვეების განმავლობაში ელოდნენ როგორც კარტოფილის მოყვანით დაკავებული ფერმერები, ისე ის ადამიანები, რომელთათვისაც მოსავლის აღება სეზონური დასაქმებისა და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
ჯავახეთში კარტოფილის მოსავლის აღება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ არის. მას მოაქვს რამდენიმეთვიანი შრომის შედეგი, სოფლის მცხოვრებთა მოლოდინები, გათვლები და იმედი, რომ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება.
ფერმერისთვის, რომელიც ჰექტრობით კარტოფილის ყანებს ამუშავებს, მოსავლის აღების დღის მოლოდინი ბევრად ადრე, ჯერ კიდევ გაზაფხულზე იწყება. მიწის დამუშავება, თესვა, აუცილებელი სამუშაოების დროულად შესრულება, მოსავალზე დაკვირვება და შემოდგომამდე შედეგის მოლოდინი: ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფინანსურ ინვესტიციებს, არამედ დიდ შრომასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს.
ამ ეტაპზე ფერმერი უკვე არა მხოლოდ მოსავლის რაოდენობაზე, არამედ მის რეალიზაციაზეც ფიქრობს.
კარტოფილის ფასს შეუძლია არსებითი გავლენა იქონიოს მთელი წლის შრომის შედეგზე. თუმცა, კარგი მოსავალი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ფერმერი სრულად უზრუნველყოფილია; ასევე მნიშვნელოვანია, რა ფასად და რამდენად სწრაფად შეძლებს მის გაყიდვას.
მეორე მხრივ, კარტოფილის კრეფის სეზონი ჯავახეთის ბევრი მაცხოვრებლისთვის დროებითი შემოსავლის შესაძლებლობაა. მოსავლის აღების თვეებში სოფლებში სეზონური სამუშაოების მოცულობა იზრდება და ბევრი ოჯახი წლის გარკვეულ ხარჯებს სწორედ ამ პერიოდში მიღებული შემოსავლით გეგმავს.
ევგინე 42 წლისაა, იგი უკვე რამდენიმე წელია დადის კარტოფილის შემოდგომის კრეფაზე და ყოველწლიურად ამ ფულით თავის ერთ-ერთ მიზანს ახორციელებს.
„რა თქმა უნდა, მამაკაცები მუშაობენ, ჩემს ქმარს აქვს სამუშაო, მაგრამ ქალის შრომაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, მამაკაცი მეტს გამომუშავებს და ეს ფული მსხვილ საქმეებს ხმარდება, ხოლო როდესაც ქალი მუშაობს, მას შეუძლია თავს უფლება მისცეს, მეტი დახარჯოს ქალურ საჭიროებებზე“, — განაცხადა ევგინემ Jnews-თან საუბარში.
შეკითხვაზე, თუ როგორ განკარგავს გამომუშავებულ თანხას, ევგინემ უპასუხა:
„მაგალითად, გასულ წელს სამზარეულოს ავეჯი განვაახლე. ეს საქმე ჩემი ქმრისთვის რომ მიმენდო, ძველი ავეჯი კიდევ ათი წელი იდგებოდა. მე მიყვარს სახლში ყველაფრის განახლება. წელს გადავწყვიტე ფარდები შევცვალო და ახალი დივანი ვიყიდო. სამუშაოზე არ ვწუწუნებ, თუ მუშაობის შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიმუშავებ. ყოველწლიურად 30-40 დღით კარტოფილის საკრეფად მივდივარ“.
ხოლო 46 წლის ლუსინემ აღნიშნა, რომ გამომუშავებული ფული საოჯახო ხარჯებისთვისაც კი არ ყოფნის.
„ჩემი შვილები სტუდენტები არიან, ქმარი კი ხალტურაზე (სამუშაოდ) საზღვარგარეთ მიდის. ყოველწლიურად დავდივარ კარტოფილის საკრეფად. წელს ისევ წვიმებია, მინდა ამინდი გამოსწორდეს, რომ მუშაობა შევძლო და შვილებს ეს ფული გავუგზავნო. ქმარი ჯერ ვერ ახერხებს ფულის გამოგზავნას, შვილებს შემოდგომის ტანსაცმელი და ჯიბის ფული სჭირდებათ. რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ცოტაოდენი ფულის გამომუშავების შესაძლებლობა გვაქვს“, — უამბო ლუსინემ JNEWS-ს.
დავითი 24 წლისაა, სკოლის დამთავრების შემდეგ იგი საზღვარგარეთ მიდიოდა სამუშაოდ, თუმცა წელს სოფელში დარჩა და კარტოფილის მინდვრებში ტომრების დასატვირთად დადის.
„მამაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ამიტომ სოფელში დარჩი, ოჯახს რომ დავეხმარო. ახლა კარტოფილის ყანებში დავდივარ და მტვირთავად ვმუშაობ. უსაქმოდ ხომ ვერ ვიჯდები, ოჯახის ყველა საქმე უკვე მოვაწესრიგე, ასეთი შემოსავალიც ფულია — სახლში რომ დავჯდე, ხარჯების ფულს ვინ მომცემს?“ — ამბობს დავითი.
სატიკ მურადიანი 52 წლისაა. მისი ვაჟი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ქალიშვილი კი ახალქალაქში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და მუშაობს. თვითონ მეუღლესთან ერთად სოფელში ცხოვრობს.
„გასულ წელს შვილმა სესხი აიღო და მანქანა იყიდა. ახლა სამუშაოდ არის წასული და მე და ჩემი ქმარი ვცდილობთ, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ. ამას საოჯახო საქმეებს ვუთავსებ, ეს კი სეზონური სამუშაოა. სანამ მუშაობის შესაძლებლობა არის, ვიმუშავებ და ფულს იშოვი, საოჯახო საქმეებს კი მერეც მივხედავთ. ახალგაზრდები არიან, შეიძლება დაოჯახება მოინდომონ — ხარჯების ათასი მიზეზი გვაქვს“, — ღიმილით გაგვიზიარა ქალბატონმა სატიკმა.
ანის, რომელსაც ახალქალაქში მუდმივი სამუშაო აქვს, შაბათ-კვირაობით სოფლებში მიდის კარტოფილის საკრეფად.
„სეზონი როგორც კი დაიწყო, ყოველდღე ვამბობდი — ნეტავ კარგი ამინდები დაიჭიროს, რომ კარტოფილიც კარგი ფასად გაიყიდოს და ფერმერებმაც შეძლონ ხალხისთვის კარგი ანაზღაურების გადახდა. მუდმივი სამუშაო მაქვს, მაგრამ ამ სეზონზე კარტოფილის საკრეფად ყოველთვის დავდივარ. ეს დამატებითი, სეზონური შემოსავალია და რამდენიც შემეძლება, იმდენს ვივლი. დიდი ოჯახი გვაქვს და ხარჯიც ბევრია“, — თქვა ანიმ.
ამრიგად, კარტოფილის მოსავლის აღების სეზონს სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ზოგისთვის ეს მიწაზე რამდენიმეთვიანი შრომის შედეგია, ზოგისთვის — დროებითი, თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაო და შემოსავალი, ხოლო სხვებისთვის — დიდი ხნის წინ დაგეგმილი საოჯახო გეგმების განხორციელების შესაძლებლობა.
მოსავლის აღების ფიზიკური სიძნელის მიუხედავად, ამ სეზონს ჯავახეთის მცხოვრებლები დიდი ხანია ელოდებიან. ეს სასოფლო ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც თვეების შრომას, საბოლოოდ, თვალსაჩინო შედეგი მოაქვს და მათთვის, ვინც მიწაზე მუშაობს, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეტაპი იწყება.
კარტოფილის მოსავლის აღების სეზონი პიკშია და უახლოეს კვირებში ჯავახეთის სოფლებში დაძაბული შრომა გაგრძელდება.
ავტორი არგენაზ გრიგორიან