ათასწლოვანი ისტორიის მქონე კუმურდოს ტაძარი, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში მდებარეობს, ჯავახეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ძეგლია. სარესტავრაციო სამუშაოები აქ 2016 წლიდან მიმდინარეობს, რომლის მსვლელობასაც Jnews თავის მასალებში არაერთხელ აშუქებდა. თუმცა, უკვე დაახლოებით მეორე წელია, ტაძარში არანაირი სამუშაო აღარ წარმოებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უპასუხა Jnews-ის მოთხოვნას რესტავრაციის პროცესისა და მისი შეჩერების მიზეზების შესახებ და ჩატარებული სამუშაოების ქრონოლოგია წარმოადგინა.
კუმურდოს ტაძარი შუა საუკუნეების არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. იგი 964 წელს აშენდა. ტაძარი უნიკალური არქიტექტურული კომპოზიციით გამოირჩევა. მის კედლებზე შემორჩენილი X-XVI საუკუნეების წარწერები მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროებს წარმოადგენს, რომლებიც გვაწვდის ინფორმაციას არა მხოლოდ ნაგებობის დაარსებისა და შემდგომი რეკონსტრუქციების, არამედ იმ პერიოდის სულიერი და სოციალური ცხოვრების შესახებაც.
დღეს ტაძარი ჯავახეთის ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შენარჩუნებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთელი რეგიონის კულტურული თვითმყოფადობისთვის.
კუმურდოს ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2024 წლამდე გაგრძელდა.
მიუხედავად სარესტავრაციო სამუშაოების რამდენიმე ეტაპის განხორციელებისა, კუმურდოს ტაძრის სრული რესტავრაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ადგილზე არანაირი სამუშაო აღარ შეინიშნება.
ამ ხნის განმავლობაში Jnews პერიოდულად აშუქებდა ტაძრის რესტავრაციის პროცესს და ცდილობდა საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ისტორიული ძეგლის შესანარჩუნებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
სამუშაოების შეჩერების მიზეზებისა და სამომავლო გეგმების გასარკვევად Jnews-მა წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ასევე დაინტერესდა, იგეგმება თუ არა სარესტავრაციო სამუშაოების განახლება და რა ვადებში.
სააგენტოს პასუხში მოცემულია ამ დრომდე ჩატარებული სამუშაოების დეტალური ქრონოლოგია. თუმცა, მასში არ არის კონკრეტული განმარტება რესტავრაციის მომდევნო ეტაპის შეუსრულებლობის მიზეზებზე.
სააგენტო იტყობინება, რომ 2024 წელს მის მიერ დაფინანსებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძრის რესტავრაციაზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა .
ამგვარად, ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ 2024 წლის შემდეგ რესტავრაციის ახალ ეტაპზე ნებართვების გაცემის პროცესი არ განხორციელებულა. თუმცა, უცნობი რჩება, რამ შეუშალა ხელი პროცესის გაგრძელებას, არსებობს თუ არა პრობლემები პროექტირებასთან ან დაფინანსებასთან დაკავშირებით და როდის შეიძლება განახლდეს სამუშაოები ტაძრის საბოლოო რესტავრაციისთვის.
კუმურდოს ტაძარი უბრალოდ წარსულის ძეგლი როდია. იგი ჯავახეთის სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ დაუკარგავს თავისი ღირებულება და დღემდე რეგიონის კულტურული თვითმყოფადობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება.
ამავდროულად, ტაძარს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. თავისი ისტორიის, შუა საუკუნეების არქიტექტურის, უძველესი წარწერებისა და უნიკალური კულტურული ღირებულების წყალობით, იგი შეიძლება საინტერესო ობიექტად იქცეს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც.
კუმურდოს ტაძრის ჩართვა ჯავახეთის ისტორიულ-კულტურულ ტურისტულ მარშრუტებში ხელს შეუწყობს სოფლისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების ცნობადობის ამაღლებას, ვიზიტორთა ნაკადის ზრდასა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. თუმცა, ამისთვის აუცილებელია ძეგლის სრული რესტავრაციის უზრუნველყოფა, მისი სათანადო შენარჩუნება და ვიზიტორებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.