ახალქალაქის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. საკრებულოს კომისიების სხდომებზე, სადაც ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა, ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფინანსება ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე Jnews-მა დაინტერესდა, რატომ არ არის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების დაფინანსება. კითხვას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა უპასუხა.
„ჯერჯერობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არანაირი ფინანსები არ არის გამოყოფილი. როგორც ადრე ვაცნობეთ, სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს 7 სატრანსპორტო საშუალება, რომლებსაც ჯერ არ ველოდებით და ამიტომ არანაირი დაფინანსება არ გამოყოფილა. სამომავლოდ გავითვალისწინებთ“, — უპასუხა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.
მოსახლეობის პეტიციების, საბიუჯეტო სახსრების გამოყოფისა და პირველი ავტობუსების შეძენის მიუხედავად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუწყია. პროექტი, რომელიც 2023 წლიდან განიხილება, არაერთხელ გადაიდო. ახლა მის ამოქმედებას მერია უკვე 2027 წელს უკავშირებს, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი სახსრები გათვალისწინებული არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების „ეპოპეა“ 2023 წლის მაისში დაიწყო. მაშინ ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ ახალგაზრდულმა ჯგუფმა საკრებულოში წარადგინა პეტიცია ქალაქსა და სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის შექმნის მოთხოვნით. ინიციატივას ათი სოფლის 420-მა მცხოვრებმა დაუჭირა მხარი. მოსახლეობა დასახლებულ პუნქტებსა და ახალქალაქს შორის რეგულარული მიმოსვლის ორგანიზებას ითხოვდა, რადგან ტრანსპორტის არარსებობა მათი გადაადგილების შესაძლებლობებს ზღუდავს. პეტიციის განხილვის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა, შეესწავლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის ერთი საცდელი მარშრუტის ამოქმედების შესაძლებლობა.
2024 წელს ავტობუსების შეძენის საკითხი მერიაში არაერთხელ განიხილეს. თავდაპირველად იგეგმებოდა საჭირო სახსრების მუნიციპალურ ბიუჯეტში გათვალისწინება, თუმცა ფინანსური შეზღუდვების გამო შესყიდვა გადაიდო.
2024 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის ბიუჯეტში ავტობუსების შესაძენად 500 ათასი ლარი ჩაიდო. იგეგმებოდა ორი-სამი სატრანსპორტო საშუალების ყიდვა და მუნიციპალური გადაყვანების ორგანიზების დაწყება.
2025 წლის აპრილში მერიამ ორი სამგზავრო ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა კომპანია შპს „სენა ავტო“, რომელმაც შეკვეთის შესრულება 398 ათას ლარად შესთავაზა.
2025 წლის მაისში მერიის წარმომადგენლებმა Jnews-ს აცნობეს, რომ ავტობუსების მიღების შემდეგ საჭირო იქნებოდა მარშრუტების, მგზავრობის საფასურის, მძღოლების რაოდენობის განსაზღვრა და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
2025 წლის ნოემბერში შეძენილი ორი ავტობუსი ახალქალაქში ჩავიდა. თუმცა, მათ ჩამოყვანას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება არ მოჰყოლია.
უკვე 2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ავტობუსები ჯერ არ გამოიყენებოდა. გადაყვანების დასაწყებად აუცილებელი იყო სატრანსპორტო სამსახურის შექმნის, მარშრუტების ორგანიზებისა და გადახდის ელექტრონული სისტემის დანერგვის საკითხების მოგვარება.
2026 წლის თებერვალში საკრებულოს დეპუტატებმა ეს საკითხი სხდომაზე კვლავ წამოჭრეს. მერიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გადაყვანების დასაწყებად საჭიროა საორგანიზაციო პროცესების დასრულება, მათ შორის ბანკებთან მოლაპარაკებების დასრულება ელექტრონული გადახდის დანერგვასთან დაკავშირებით.
2026 წლის აპრილში ვითარება პრაქტიკულად უცვლელი რჩებოდა: ორი ავტობუსი კვლავ ექსპლუატაციაში გაშვებას ელოდა, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედების კონკრეტული ვადები დასახელებული არ ყოფილა.
2026 წლის ივნისში ცნობილი გახდა მუნიციპალური ავტოპარკის გაფართოების გეგმების შესახებ. მერიამ სახელმწიფოს მიმართა თხოვნით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით კიდევ შვიდი სატრანსპორტო საშუალება შეეძინა.
2026 წლის 26 აგვისტოს ახალქალაქის მერიამ განაცხადა, რომ საუბარია 18–19 მგზავრზე გათვლილი ოთხი მიკროავტობუსისა და სამი ავტობუსის შეძენაზე. ოთხი მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერი შედგა და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებოდნენ. თუმცა, სამი ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა, რის გამოც განმეორებითი ტენდერის გამოცხადება იგეგმებოდა. ამავდროულად, მუნიციპალიტეტი აგრძელებდა მუშაობას ელექტრონული გადახდის დანერგვისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციისთვის საჭირო პირობების მომზადების საკითხებზე.
და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი უკვე რამდენიმე წელია განიხილება, ქალაქისა და სოფლების მოსახლეობა დაპირებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს კვლავ ელოდება. ორი ავტობუსი უკვე შეძენილია, ავტოპარკის გაფართოების გეგმები გაჟღერებულია, თუმცა რეგულარული მუნიციპალური გადაყვანები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.